წლის დასაწყისიდან მოყოლებული, ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა 74 მლნ ლარით, ანუ 30%-ით გაიზარდა
საქართველოს მოსახლეობა სოციალურ დეფოლტს უახლოვდება. ლარის დევალვაციისა და ინფლაციის შედეგად გაზრდილი ხარჯის გამო, მოქალაქეების დიდი ნაწილი საბანკო კრედიტებს უკვე ვეღარ უმკლავდება. 2015 წლის პირველ 3 თვეში ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა 74 მლნ ლარით, ანუ 29,4%-ით გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში აღებული კრედიტებისა კი - 44,4%-ით.
"მართალია, სოციალურ დეფოლტამდე ჯერ კიდევ გვიკლია, თუმცა, სამწუხაროდ, ვექტორი სწორედ აქეთკენაა მიმართული. თუ ხელისუფლებას რამეზე აქვს პრეტენზია, ეს ვექტორი აუცილებლად და თანაც სასწრაფოდ უნდა შეცვალოს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ეკონომისტმა და სოციოლოგმა ნოდარ კაპანაძემ.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვრიდან მარტის ჩათვლით საბანკო დაწესებულებებში არსებული ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 29,4%-ითაა გაზრდილი და 325,6 მლნ ლარს შეადგენს. სებ-ის მონაცემებით, 2015 წლის იანვარში ვადაგადაცილებული სესხი მთლიანად 251 000 ლარს შეადგენდა, პირველ აპრილს ეს რაოდენობა 325 631 000-მდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ ყველაზე მეტად სწორედ უცხოურ ვალუტაში არსებული სესხების ღირებულება გაზარდა, რაც მათი ვადაგადაცილების რისკს ზრდის. თუკი მომხმარებელმა ბანკიდან უცხოურ ვალუტაში სესხი ლარის გაუფასურებამდე აიღო, მაშინ მას ახლა დაახლოებით 1/3-ით მეტი თანხის დაბრუნება უწევს. აქედან გამომდინარე, მან, შესაძლოა, ბანკის დავალიანება დროულად ვერ დაფაროს. იანვართან შედარებით აპრილში უცხოურ ვალუტაში არსებული ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 44,4%-ით არის გაზრდილი, მარტთან შედარებით კი ზრდა 8,8%-ია.
ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების ვადაგადაცილების მაჩვენებელიც, იანვართან შედარებით, 15,7%-ით არის გაზრდილი, ხოლო მარტთან შედარებით ზრდა 4%-ს შეადგენს. ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობის (ამ შემთხვევაში მსესხებლის) გარკვეულ ნაწილს საბანკო ვალდებულებების გასტუმრება უჭირს და მათი ნაწილიც სოციალური დეფოლტის ზღვარს უახლოვდება. იმ შემთხვევაში, თუ სავალუტო ბაზარზე და მთლიანად ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა არ დასტაბილურდა, მოსახლეობას სესხების მომსახურება მომავალში კიდევ უფრო გაუჭირდება.
"ლარის დევალვაციის გამო ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა რომ გაიზრდებოდა, აშკარა იყო. იმ ადამიანებს, ვისაც სესხი დოლარში აქვს, დევალვაციის შედეგად, კრედიტის მომსახურება 30-32%-ით გაეზარდა. ეს აუცილებლად ნეგატიურ შედეგს გამოიღებს, რადგან კრედიტების დიდი ნაწილი იყო და არის სამომხმარებლო, რომელსაც ბიზნეს-სესხისგან განსხვავებით, ფული არ მოაქვს. მსესხებელმა ის ფული აიღო და უბრალოდ, დახარჯა. მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს, ანუ მათ, ვისაც საშუალო ფენა ჰქვია, სერიოზული დარტყმა მიადგა, გაიზრდება პოლარიზაციაც. იმისათვის, რომ წნეხი შემსუბუქდეს, აუცილებელია, სახელმწიფომ გარკვეული ღონისძიებები გაატაროს, მაგალითად, შეიმუშავოს ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების სტრატეგია და ა.შ. ეს სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს, რათა არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო არ დამძიმდეს. რაც შეეხება ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობას, ის, შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან დევალვაციამ დააზარალა არა მარტო დოლარში, არამედ ლარში კრედიტაღებული მსესხებლებიც. მათზე სერიოზული უარყოფითი გავლენა გაზრდილმა ხარჯმა და ინფლაციამ მოახდინა. მიუხედავად ამისა, სოციალურ დეფოლტამდე ჯერ კიდევ გვიკლია, თუმცა, სამწუხაროდ, ვექტორი სწორედ აქეთკენაა", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ნოდარ კაპანაძემ.
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ლია ელიავა ამბობს, რომ სავალუტო კრიზისი, რომელიც დღემდე გრძელდება, ქვეყნის ეკონომიკასა და მოსახლეობის ცხოვრების დონეზე მკვეთრად უარყოფით გავლენას მოახდენს. "ბოლო პერიოდში მოსახლეობის დეპოზიტები მკვეთრად, 28%-ით გაიზარდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მოხმარება შემცირებულია. მოხმარების შემცირება კი ჩვენი ეკონომიკისთვის საკმაოდ სერიოზული დარტყმაა. გაუარესებულია ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა, რადგან დევალვაციის შედეგად მათ გაეზარდათ ხარჯი, შემოსავალი კი უცვლელი დარჩა. მომატებული ხარჯის გამო კი მათ სასესხო დავალიანების გასტუმრება ძალიან უჭირთ", - განაცხადა ელიავამ.
მისივე თქმით, ეროვნული ვალუტის დევალვაცია არა მარტო ქვეყნის ეკონომიკასა და რიგით მოქალაქეებზე, არამედ საბანკო სექტორზეც უარყოფით გავლენას მოახდენს. "პირველ რიგში, პრობლემური სესხების ზრდასთან ერთად, ბანკებს გაფუჭებული სესხისთვის უფრო მეტი ფულის დარეზერვება მოუწევთ, ეს კი კომერციული ბანკების მოგებას შეამცირებს. მეორე - ბანკების მიმართ არსებობს მკაცრი საზედამხედველო მოთხოვნები და ნორმა, რაც მათ საქმიანობაში პრობლემებს შექმნის. მესამე - კომერციული ბანკები იძულებული იქნებიან პრობლემური სესხები გირაოს მეშვეობით ამოიღონ, ანუ დაისაკუთრონ ფიზიკური და იურიდიული პირების ქონება, შემდგომ კი სწრაფად გაყიდონ. იმის გამო, რომ საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი პრაქტიკულად, ჩამკვდარია, ბანკებს ქონების რეალიზაცია გაუჭირდებათ და შერჩებათ ამოღებული უძრავი ქონება, რაზეც დამატებით მოუწევთ თანხის დარეზერვება. მეოთხე - არ არის გამორიცხული, რომ ასეთ მძიმე ეკონომიკური და ჯაჭვური მოვლენების ფონზე, საქართველოში საბანკო კრიზისი განვითარდეს. ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე არის სავალუტო კრიზისის შედეგი. მსოფლიოში სავალუტო კრიზისი ცალკე აღებული ძალიან იშვიათად ხდება, მას თითქმის ყოველთვის მოჰყვება საბანკო კრიზისი და ალბათ, ასე მოხდება საქართველოშიც.
ამ ყველაფერის ფონზე კი ხელისუფლება თითს არ ანძრევს, რომ ლარის კურსის ვარდნა შეაჩეროს და მიიღოს ადეკვატური ზომები. თუ მთავრობა არ მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას და საერთაშორისო სავალუტო ფონდი არ მისცემს გონივრულ რეკომენდაციას ეროვნულ ბანკს, მაშინ ქვეყანაში სავსებით შესაძლებელია განვითარდეს არა მარტო ფინანსური კრიზისი, არამედ ზოგადად ეკონომიკური კრიზისი. ჯერჯერობით მხოლოდ ეკონომიკური ვარდნა გვაქვს და თუ პროცესები არ შეჩერდა, აუცილებლად გვექნება დიდი სოციალური პრობლემა," - განაცხადა ელიავამ.
ეკონომისტების თქმით, იმ დროს, ოდესაც ქვეყანაში სამუშაო ადგილები არ იქმნება, ლარის კურსი ეცემა, ეკონომიკა არ იზრდება, საფრთხე იმისა, რომ ვადაგადაცილებული სესხები კიდევ გაიზარდოს და ქვეყანაში სოციალური ფონი უფრო გაუარესდეს, რეალურად არსებობს. შედეგად კი ქვეყანაში არსებული ისედაც მძიმე სოციალური ფონი, კიდევ უფრო გაუარესდება და მოსახლეობაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სოციალური დეფოლტის წინაშე აღმოჩნდება.
ვალუტის კურსის მკვეთრმა ცვლილებამ მეზობელ რუსეთში მოსახლეობა გადახდისუუნარობამდე უკვე მიიყვანა. ქვეყნის საკრედიტო ბიუროს მონაცემებით, აპრილში ყოველი მეხუთე კრედიტის მომსახურება არ ხდება, ყოველი მეათე მსესხებლის კრედიტი კი უიმედოა.
ელზა წიკლაური
წყარო: გაზეთი "რეზონანსი"