აშშ-საქართველო-სომხეთი-საქართველო-რუსეთი - Financial Times-მა ავტომობილების ექსპორტზე სანქციების გვერდის ავლის სქემა გაშიფრა

გაზეთ Financial Times-მა (FT) საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით სომხეთიდან რუსეთში ავტომობილების ექსპორტის სქემა დეტალურად გაშიფრა. გამოცემა წერს, რომ ექსპორტი 200-ჯერ გაიზარდა, ხოლო ავტომობილების უმეტესობა, რომელიც რუსეთში სომხეთიდან შედის, მანამდე აშშ-დან საქართველოში ფოთის პორტით ჩადის.

გამოცემის მონაცემებით, სომხეთიდან რუსეთში ავტომობილების ექსპორტი 2022 წლის იანვარში დაფიქსირებული 800 000 დოლარიდან 2023 წლის იანვარში 180 მლნ დოლარამდე გაიზარდა. მითუმეტეს, FT-ის შეფასებით, ეს ხდება მაშინ, როცა სომხეთს საკუთარი საავტომობილო წარმოება არ აქვს.

გაზეთი ე.წ. აშშ-საქართველო-სომხეთი-საქართველო-რუსეთის სქემას დეტალურად აღწერს. კერძოდ, „ავტომობილებს შეერთებულ შტატებში მეორად სადაზღვევო აუქციონებზე ყიდულობენ, სადაც მანქანები მზღვეველებს ჩამოწერილი ჰყავთ. შემდეგ მათ საქართველოში ან სომხეთში არემონტებენ და შეკეთებული მეორადი მანქანები რუსეთში მათ ღირებულებაზე ბევრად ძვირად იყიდება.“

FT ხაზს უსვამს, რომ ასეთი სქემა გამყიდველებს საშუალებას აძლევს, გვერდი აუარონ ევროკავშირის სასანქციე შეზღუდვას, რომელიც 50 000 ევროზე მეტი ღირებულების მანქანების რუსეთში ექსპორტს კრძალავს. კერძოდ, „შეკეთების შემდეგ მანქანებს სომხეთში განაბაჟებენ, სადაც რუსეთთან უბაჟო ვაჭრობა მოქმედებს, ხოლო გიუმრის გავლით მანქანები ისევ საქართველოს საზღვარს კვეთენ და რუსეთში იგზავნება.“

გაზეთი წერს, რომ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსეთში BMW-ის, Audi-სა და სხვა წამყვანი ბრენდების საავტომობილო დილერები დაიხურა. ამდენად, შეძლებული რუსები ძვირადღირებულ უცხოურ ავტომობილებს მხოლოდ ამ სქემით მომუშავე საშუამავლო კომპანიებისგან ყიდულობენ.

FT-ის მონაცემებით, 2022 წლის იანვარში, უკრაინის ომის დაწყებამდე, სომხეთმა აშშ-დან მხოლოდ 2,8 მლნ დოლარის ავტომობილის იმპორტი განახორციელა, მაშინ, როცა ერთი წლის შემდეგ ეს თანხა 29,5 მლნ დოლარამდე გაიზარდა და ზრდას ახლაც განაგრძობს. კერძოდ, 2023 წლის აპრილში სომხეთში უკვე 34 მლნ დოლარის ღირებულების ამერიკული მანქანები შევიდა.

შეერთებულმა შტატებმა რუსეთში ახალი და მეორადი მანქანების ექსპორტი 2022 წლის გაზაფხულზე აკრძალა. ასევე, ევროკავშირმა, სანქციების მეოთხე პაკეტის ფარგლებში, რუსეთში 50 000 ევროზე მეტი ღირებულების მანქანების მიწოდება შეზღუდა. ამასთან, ევროკავშირმა რუსეთში ძვირადღირებული მანქანების ექსპორტის აკრძალვა სანქციების მე-11 პაკეტში გააფართოვა, რომელიც ყველა, მათ შორის, მეორად ელექტრომობილებსაც შეეხო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ