რა ქონება აქვს ასახული ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრობამდე და პრემიერობის შემდეგ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქონებრივი დეკლარაციის ბოლო განაცხადი 2014 წლის 31 დეკემბერს შეავსო. თუმცა, მანამდე ირაკლი ღარიბაშვილს ორი დეკლარაცია აქვს შევსებული - პრემიერობამდე და პრემიერობის შემდგომ. პირველი დეკლარაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრს 2012 წლის 12 დეკემბერს აქვს შევსებული, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი გახლდათ.
ოჯახის წევრების გრაფაში ვკითხულობთ: მეუღლე - ნუნუ თამაზაშვილი, შვილები - ნიკოლოზ და ანდრია ღარიბაშვილები.
ირაკლი ღარიბაშვილის საკუთრებაში 3 ბინა და 3 არასაცხოვრებელი ფართია დაფიქსირებული. გაგარინის ქუჩაზე 121,80 კვ.მ ფართობის ბინა და იმავე მისამართზე 16.00 კვ.მეტრის ავტოფარეხი. ასევე, მოსაშვილის ქუჩაზე 170 კვ.მ ფართის ბინა და იქვე 38 კვ.მეტრის არასაცხოვრებელი ფართი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოსაშვილის ქუჩაზე კიდევ ერთი, 159 კვ. მეტრი ფართის ბინისა და 11.00 კვ. მეტრის არასაცხოვრებელ ფართის მფლობელია. ირაკლი ღარიბაშვილის მფლობელობაში ორი მანქანაა - Mercedes Benz, 2009, NNA-100, Toyota Corolla, 2007, GII-100 არის მითითებული. თუმცა, გრაფაში არც ერთის ღირებულება არ არის დაფიქსირებული.
რაც შეეხება ღარიბაშვილის საბანკო ანგარიშებს: 2012 წლის 12 დეკემბერს, დეკლარაციის შევსების მომენტში „ბანკ ქართუში“ სამი მიმდინარე, ხოლო ერთი საკრედიტო ანგარიში ჰქონდა გახსნილი. მიმდინარე ანგარიშებზე ასახული თანხის რაოდენობა ასე გამოიყურება: 1 ევრო, 4,72 აშშ დოლარი და 21.72 ლარი, ხოლო საკრედიტო ანგარიშზე 2838.42 ლარი.
ასევე, ფულადი თანხის გრაფაში მითითებულია 20 000 ლარი.
რაც შეეხება მის წლიურ შემოსავლებს - 2012 წლის დეკლარაციის თანახმად, საქველმოქმედო ფონდ ”ქართუში”, სადაც ღარიბაშვილი გამგეობის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, მისმა წლიურმა შემოსავალმა 75 000 ლარი შეადგინა, ხოლო შპს ”ქართული ოცნების” დირექტორობისას წლიური შემოსავალი ასევე 75 000 ლარი იყო. გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილი იყო ს.ს. ბანკი "ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და სან-მარინოს საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი. თუმცა, 2012 წლის დეკლარაციაში წლიური შემოსავლის ორივე გრაფა ცარიელია.
პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნისას ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 2013 წლის 27 დეკემბერს შევსებული დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ პრემიერის უძრავ-მოძრავ ქონებას არაფერი შემატებია. ბანკ ”ქართუში” მის სახელზე გახსნილ საკრედიტო ანგარიშზე 26 061 ლარი, ხოლო ფულადი თანხის გრაფაში 20 000 ლარის ნაცვლად უკვე 10 000 ლარია ასახული. პრემიერის მანქანის გრაფაში კი მხოლოდ 2009 წელს გამოშვებული Mercedes Benz ფიქსირდება. მისი წლიური შემოსავლები კი ასეთია: საქველმოქმედო ფონდ ”ქართუს” გამგეობის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნისას 15476.19 ლარი, შპს ”ქართული ოცნების” დირექტორობისას 131250, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრობისას მისმა წლიურმა ანაზღაურებამ 7879.35 ლარი შეადგინა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბოლო დეკლარაცია 2014 წლის 31 დეკემბერს აქვს შევსებული. როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ბოლო სამი წლის განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილს ახალი მანქანა არ შეუძენია და კვლავ 2009 წელს გამოშვებული Mercedes Benz-ის მფლობელია. საბანკო ანგარიშები კი ასეთია: ბანკ ”ქართუში" მიმდინარე ანგარიშზე კვლავ 1.00 ევროა, იმავე ბანკის კიდევ ერთ მიმდინარე ანგარიშზე 4.72 დოლარი, კიდევ ერთ მიმდინარეზე 18.51 ლარია. ხოლო ბანკი ”ქართუს” საბარათე ანგარიშებზე 10.61 ლარი, 4987.94 დოლარი და 4371.44 ევრო.
დეკლარაციაში ასევე ვკითხულობთ, რომ პრემიერის მეუღლე ნუნუ თამაზაშვილი ”თიბისი” ბანკში მიმდინარე ანგარიშზე 229.74 ლარს, ხოლო ბანკი ”ქართუს” საბარათე ანგარიშზე 0.33 ევროს ფლობს. ფულადი თანხის მესაკუთრის გრაფაში ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ 10 000 ლარი აქვს მითითებული. პრემიერის წლიური შემოსავლები კი ასე გამოიყურება: შს მინისტრობისას წლიურმა ანაზღაურებამ 77946.62 ლარი, ხოლო პრემიერ-მინისტრობისას 5869.05 ლარი შეადგინა. საგულისხმოა, რომ პრემიერის დეკლარაციებში ოჯახის წევრების ქონების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არის. ასევე ირკვევა, რომ ამავე წლებში პრემიერს რაიმე სახის ფულადი საჩუქრები არ მიუღია.
მიმდინარე წლის მარტში პრემიერი მესამე ვაჟის მამა გახდა, თუმცა, დეკლარაციაში მის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ განუთავსებიათ.
სალომე გოგოხია