,,ქართუ ფონდმა” ლაგუნა ვერე გაყიდა - ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ირაკლი აბესაძე ავრცელებს.
აბესაძე წერს, რომ კოსტავას ქუჩაზე ცათამბჯენების მშენებლობის მძიმე პრობლემის გადასაფარად წლის დასაწყისში კალაძე ამტკიცებდა, რომ აუზს მუნიციპალიტეტი აღადგენდა - რაც მისი მორიგი ტყუილი აღმოჩნდა.
,,ივნისში იგივე კალაძემ საერთოდ ეჭვის ქვეშ დააყენა იქ აუზის არსებობის მიზანშეწონილობა და თქვა, რომ ყველაზე დაბინძურებულ ადგილას აუზის არსებობის გადაწყვეტილებას საზოგადოებასთან ერთად მიიღებდა ვნახოთ იქნება თუ არა აუზი აქ" - წერს აბესაძე.
მისივე ინფორმაციით ,,ლაგუნა ვერეს" ახალი მფლობელი ,,ნეო სითი დეველოპმენტია”
,,ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა ვის ეკუთვნის კომპანია.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, 2023 წლის 23 მარტს დარეგისტრირებული კომპანიის წილის 100%-ს ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი, მარიკა ვერულაშვილი ფლობს.
შეგახსენებთ,ვერულაშვილი გახლდათ 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით , საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში კი, საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ყვარლის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ცნობებით ლაგუნასთან აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშნებელობის პროექტი არსებობდა, რომელიც მერიამ დაახარვეზა. იქამდე კი, „ლაგუნასთან“ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას, რომელიც მოიცავდა: საცხოვრებელ; კომერციულ, საოფისე და დამხმარე ფართებს, შპს „კოსტავა 69“ გეგმავდა.