ადგილობრივ ბაზრებში მწვანილის ღირებულება გაიზარდა, 1 კგ პროდუქტის ფასმა 25 ლარსაც კი მიაღწია. კომპანია „ჰერბიას“ მენეჯერი დათო ჯანელიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ მათ პროდუქციის შემთხვევაში ფასი არ გაზრდილა, თუმცა ზოგადად, მწვანილის ფასი, დეფიციტმა და მიმდინარე სეზონზე მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის დარღვევამ გამოიწვია.
მისი თქმით, რაც შეეხება „ჰერბიას“, კომპანიამ 10 წლის განმავლობაში პროდუქტზე ფასი მხოლოდ 2-ჯერ ლოჯისტიკური ხარჯების გაძვირების გამო გაზარდა. მიმდინარე პერიოდში კი, ფასი კვლავ შენარჩუნებული აქვს.
ამასთან, დათო ჯანელიძე აღნიშნავს, რომ ადგილობრივ ბაზარზე მწვანილზე მოთხოვნა იმდენად დიდია, ექსპორტის ახალი მიმართულებები აღარც განიხილება.
„ჩვენ უკვე 10 წელია ადგილობრივ ბაზარს ვამარაგებთ და 2-ჯერ მოხდა მხოლოდ ფასის ცვლილება. ბოლოს ეს იყო წლინახევრის წინ, იქიდან გამომდინარე, რომ პანდემია იყო, ტრანსპორტირების ფასმა, ასევე შესაფუთი მასალის და საწვავის ფასმა მოიმატა, შესაბამისად, იძულებული გავხდით ჩვენც გაგვეზარდა ღირებულება, დაახლოებით 10-15%-ით.
რაც შეეხება ზოგადად ბაზარზე არსებულ ვითარებას, მწვანილის სერიოზული კრიზისია ახლა საქართველოში, საკმაოდ უჭირთ ფერმერებს ზაფხულში პროდუქტის მოყვანა და ეგაა ძირითადი მიზეზი. პროდუქტის ნაკლებობაა.
ჩვენ არ ვგეგმავთ ფასის მომატებას. რამე ფუნდამენტური ცვლილება თუ არ მოხდა, ამ ფასს გავაჩერებთ დიდი ხანი. არც ექსპორტზე გავდივართ ამ ეტაპზე არსად, მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობებით ბულგარეთში, მაგრამ ადგილობრივ ბაზარზე იმდენად დიდი მოთხოვნაა, არც ვიხედებით სხვა ქვეყნებისკენ“,- აღნიშნა დათო ჯანელიძემ.