რატომ გადაწყვიტა უკრაინელმა ბიზნესმენმა საქართველოში გადმობარგება

”საქართველო იდეალური ქვეყანაა სხვადასხვა ტიპის ბიზნესისთვის. აქ საუკეთესო ამერიკული და ევროპული კანონები მოქმედებს, ადგილი არ აქვს კორუფციას”

უკრაინაში მოქმედი სუპერმარკეტების ქსელის ”ბრუსნიჩკას” ყოფილი ტოპ-მენეჯერი მაქსიმ ველიჩკო საქართველოში გასული წლის დეკემბერში გადმობარგდა და საკუთარი ბიზნესის ქართულ ბაზარზე წარმოება გადაწყვიტა. აპრილის შუა რიცხვებში უკრაინელმა ბიზნესმენმა ახალი ქსელის La Family პირველი სუპერმარკეტი გახსნა თბილისში, 2015 წლის ბოლოსთვის კი ქართულ-უკრაინული კომპანია Pride Group კიდევ რამდენიმე მაღაზიის გახსნას გეგმავს.

როგორც მაქსიმ ველიჩკომ უკრაინის რითეილერთა ასოციაციის გამოცემა rai.com-თან საუბრისას განაცხადა, თბილისში მუშაობა გაცილებით მარტივია, ვიდრე უკრაინაში.”მე და კიდევ რამდენიმე უკრაინელი სპეციალისტი საქართველოში დეკემბერში გადმოვბარგდით და კომპანია Pride Group დავაარსეთ. უნდა ვთქვა, რომ თბილისში კომპანიის რეგისტრაციისთვის სულ რაღაც 10 დღე დაგვჭირდა, ყოველგვარი დოკუმენტური გაჭიანურებისა და გაურკვეველი გადასახადების გარეშე”, - აღნიშნავს უკრაინელი ბიზნესმენი.

რით განსხვავდება ბიზნეს-კლიმატი

”საქართველო იდეალური ქვეყანაა სხვადასხვა ტიპის ბიზნესისთვის. აქ საუკეთესო ამერიკული და ევროპული კანონები მოქმედებს, ადგილი არ აქვს კორუფციას. ქრთამის აღებასა და მიცემაზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთაა და არც ახლობლის ზარი გიშველის და არც არაფერი. სხვა ყველაფერთან ერთად, საქართველო საინტერესო ბაზარია ახალგაზრდა გონიერი და ბიზნესში აქტიური ტოპ-მენეჯერებისთვის, რომლებსაც დიდი გასაქანი არ აქვთ უკრაინაში. გარდა ამისა, ძალიან იგრძნობა ბიზნესში ახლობლობის არარსებობა. ჩვენ მსხვილი სუპერმარკეტი გავხსენით და არავინ მოსულა ჩვენთან რაიმეს სათხოვნელად, ანაც რაიმე ქაღალდების ხელმოსაწერად”.

რამდენად სწრაფად მოხდა სუპერმარკეტის თბილისში გახსნა

”თავდაპირველად კომპანია ”გამა თბილისთან” ერთად სერიოზული კვლევა ჩავატარეთ და კონკურენტული გარემო შევისწავლეთ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ საქართველოში პროდუქტები ოდნავ უფრო ძვირია, ვიდრე უკრაინაში. საქართველო გამჭვირვალე და ბევრით განსხვავებული ქვეყანაა უკრაინისგან. მაგალითად, უჩვეულო იყო ჩვენთვის ნოტარიუსთან სკაიპით ურთიერთობა. აქ ბევრი საინტერესო და უჩვეულო რამ არის. საპილოტე სუპერმარკეტისთვის ადგილი თავიდანვე შევარჩიეთ და მაღაზია ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განთავსდა. ამ ეტაპზე სუპერმარკეტში 9 500 დასახელების პროდუქცია გვაქვს. თბილისში მდებარე სხვა სუპერმარკეტებისგან, ჩვენი სუპერმარკეტი საკუთარი წარმოებით, საცხობითა და კულინარიით განსხვავდება. ასევე უმაღლეს დონეზე ვემსახურებით მომხმარებელს”.

პერსონალი

”ჩვენი პერსონალი ქართველი და უკრაინელი სპეციალისტებისგან შედგება. თუმცა, ზოგიერთმა უკრაინელმა სპეციალისტმა აქაურობას ალღო ვერ აუღო და უკან, უკრაინაში გაემგზავრა. რაც შეეხება ქართულ პერსონალს, ეს ცალკე სახალისო ისტორიაა. იყო შემთხვევები, როდესაც დასაქმების სურვილით ამერიკული, ევროპული და იაპონური დიპლომის მქონე ახალგაზრდები მოდიოდნენ. თუმცა, საქმე საქმეზე რომ მივიდა, აღმოჩნდა, რომ მათ მხოლოდ უცხო ენა იცოდნენ კარგად და მარტო დიპლომი ჰქონდათ, განათლება - არა. მაგრამ მეტწილად, ქართველები ძალიან შრომისმოყვარე და დისპლინირებულები არიან”.

კონკურენტული გარემო

”უკრაინაში კონკურენცია ცოტა სხვანაირად ესმით. უკრაინაში ბიზნესის მფლობელებმა წინსვლის აზარტი, შედარებით ძლიერ მეტოქეებთან ბრძოლის აზარტი დაკარგეს. საქართველოში კი ძალიან კონკურენტული და საინტერესო ბაზარია. ბევრი ქსელი უკვე ფლობს რამდენიმე ათეულ სუპერმარკეტს, ძალიან ძლიერი კონკურენციაა, სწრაფი და სამართლიანი. თბილისში ბევრი სუპერმარკეტია, ბევრი უცხოური ქსელი, რომლებიც ფრანჩაიზინგით მუშაობენ. ძალიან სასიამოვნო და საინტერესო იყო, როდესაც ჩვენი ობიექტის გახსნაზე ყველა კონკურენტი მოვიდა. განუმეორებელი შეგრძნებაა იმის ნახვა, როგორ გადიან ისინი შენი ახალი სუპერმარკეტიდან საყიდლებით”.