EBRD-ის შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმისთვის დახარჯული თანხიდან, 14 მილიონის ქონება სახელმწიფოს დარჩება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თბილისში EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის მასპინძლობისთვის 17 მილიონზე მეტი დაიხარჯა, აქედან 14 მილიონის უძრავ-მოძრავი ქონება, სახელმწიფოს დარჩება.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში EBRD -ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ორგანიზების უზრუნველყოფის სამთავრობო კომისიის სხდომაზე განაცხადა. მანამდე კი, პრემიერმა მიმდინარე სამუშაოები პარლამენტსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დაათვალიერა.

"ყველაფერი არის ძალიან მაღალ დონეზე შესრულებული, მინდა მადლობა გადავუხადო EBRD-ს, ამ ღონისძიების თბილისში ჩატარებისთვის. ეს არის ნდობის დემონსტრაცია ჩვენი ქვეყნისადმი, ჩვენი ხელისუფლებისადმი და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ასეთი ღონისძიება კავკასიაში პირველად ტარდება და ის, რომ საქართველო მასპინძლობს EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნეს ფორუმს, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების დემონსტრაციის კუთხით გატარებული მნიშვნელოვანი ნაბიჯებისა და განხორციელებული პროექტების დამსახურებაა. ღარიბაშვილის თქმით, მოუთმენლად ელის საქართველოში დელეგაციების ჩამოსვლას და მზადყოფნას გამოთქვამს, მომავალშიც უმასპინძლოს.