”მომავლის ქალაქი” თბილისის ზღვასთან (+ფოტოები)
თბილისის ზღვის მახლობლად, ახალ უბანში მასშტაბური მშენებლობა მიმდინარეობს. უკაცრიელ ადგილზე, სადაც ადრე არავინ ცხოვრობდა, დღეს კომერციული ობიექტები და საცხოვრებელი კორპუსები შენდება. აქვეა ახლად აშენებული ოლიმპიური სოფელი, რომელმაც საზაფხულო ოლიმპიურ ფესტივალს უნდა უმასპინძლოს. მშენებლობას კერძო კორპორაცია "ჰუალინგ ჯგუფი" აწარმოებს. "ჰუალინგ ჯგუფი" 1988 წელს ჩინეთში, ქალაქ ურუმჩიში დაარსდა და ჩინეთში 30-მდე კომპანიას მართავს. კორპორაციამ საქართველოში ინვესტირება 2007 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ, ხუთი მსხვილი საინვესტიციო პროექტი განახორციელა. საინვესტიციო კაპიტალმა 2014 წლის ბოლოს უკვე 500 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
მშენებარე ”ქალაქი”, სადაც ადრე ხრამი იყო
ყველაზე შთამბეჭდავი ”ჰუალინგ ჯგუფის” მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებს შორის თბილისის ზღვის ახალი ქალაქია. ეს ახალი დასახლება, რომელიც თბილისის ზღვის მახლობლად მდებარეობს, 420 ჰექტარზეა გადაშლილი და აერთიანებს როგორც საცხოვრებელ, ასევე კომერციულ ფართებსაც. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მშენებლობა წრაფი ტემპით მიმდინარეობს. საბოლოოდ, ეს იქნება პატარა ქალაქი ქალაქში - ასეთია პროექტის ავტორთა ჩანაფიქრი.
თინათინ შიშინაშვილი, ”ჰუალინგ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი:
”2012 წელს ჩვენმა კომპანიამ დაიწყო ყველაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტის, "ჰუალინგი თბილისის ზღვის ახალი ქალაქის" მშენებლობა. პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, აშენებულია 21 კორპუსი, რომელშიც უკვე ყველასთვის ცნობილი ოლიმპიური სოფელიც შედის. აქ ბიზნესის წარმოებისთვის მომგებიანი და კომფორტული გარემო იქნება, სწორედ ამიტომ შენდება 110 ათას კვ. მეტრზე გაშლილი ხუთსართულიანი სავაჭრო ცენტრიც - ეს იქნება კავკასიაში უდიდესი საბითუმო და საცალო სავაჭრო კომპლექსი. უკვე დასრულდა პრემიუმ კლასის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო - "ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი". ეს არის თანამედროვე ევროპული სტილის ელეგანტური სასტუმრო, 247 ნომრით, რომელიც ასეულობით სტუმარს უმასპინძლებს. აქვეა გამაჯანსაღებელი ცენტრი, რესტორანი და პარკინგის ტერიტორია, თუმცა კომპანია გაჩერებას არ აპირებს და ახალი უბნის მშენებლობა მომავალშიც გაგრძელდება.
ბინები დევნილთათვის
”არქიტექტურულად დახვეწილი საცხოვრებელი კორპუსები, მაღალი კლასის ვილები, ფიტნეს და სპა ცენტრები, რესტორნები და კაფეები, სპორტული მოედნები, სარბენი და ველოსიპედის ბილიკები, იოგას ცენტრი, დახურული საცურაო აუზი, ხელოვნური ტბა - ასეთი უნდა იყოს თბილისის ზღვის ახალი ქალაქი, რომლის მშენებლობის პროცესში სერიოზულ სოციალურ პროექტში მივიღეთ მონაწილეობა”, - ამბობს ”ჰუალინგ ჯგუფის” გაყიდვების მენეჯერი მარიამ ბახუტაშვილი: ”კომპანიამ 598 ბინა გადასცა დევნილთა და განსახლების სამინისტროს სახელმწიფოსათვის მისაღებ ფასად. ეს ჩვენი სოციალური პროექტია. რასაც აქ ვხედავთ, მხოლოდ დასაწყისია - ეს მშენებლობის პირველი ეტაპია, რომლის საინვესტიციო ღირებულება 131 მილიონი აშშ დოლარია. ძალიან მინდა ხაზი გავუსვა ერთ საკითხს: უმეტესობა იმათგან, ვინც ჩვენთან ბინას ყიდულობს, ქართველია. ჩვენს კორპუსებში ბინებს უმეტესწილად საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები ყიდულობენ, ამიტომ, ის აზრი, რომ აქ ჩინელები სახლდებიან, მართალი არ არის, თუმცა ბინის ყიდვა ყველას შეუძლია. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი კლიენტების დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა. რაც შეეხება ფასებს: 1 კვ. მეტრი საცხოვრებელი ბინის ფასი ჩვენთან 635 დოლარიდან იწყება. რა თქმა უნდა, პენტჰაუსები უფრო ძვირია. კომერციული ფართები კი, ძირითადად ქირავდება და მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული: გააჩნია ვადას, ფართობის სიდიდეს და მოლაპარაკების პირობებს. იპოთეკური სესხის გაფორმების შემთხვევაში, ჩვენთან კლიენტის თანამონაწილეობა მინიმალურია - მხოლოდ 10%. გვაქვს სამწლიანი შიდა განვადება, რომლის დროსაც კლიენტს ბინის ღირებულების მხოლოდ 25% შემოაქვს და დარჩენილ თანხას ეტაპობრივად ფარავს”.
”ჰუალინგ ჯგუფის” წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახალ საცხოვრებელ უბანში ასევე აშენდება სკოლა, საბავშვო ბაღი, საავადმყოფო, პოლიციის განყოფილება, კულტურული და გასართობი ცენტრები.. საბოლოდ, ეს იქნება თანამედროვე, გამართული ინფრასტრუქტურით აღჭურვილი, ახალი უბანი თბილისში.
ხათუნა ჩიგოგიძე