ონკოლოგიური, რესპუბლიკური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო კერძო, სახელმწიფო პარტნიორობის ერთ მძლავრ ჰოლდინგად ჩამოყალიბდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.
მისივე თქმით, ამ პროექტში მონაწილეობით 10-ზე მეტი მსხვილი ინვესტორია დაინტერესებული და კონკურსი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. როგორც სერგეენკომ აღნიშნა, პირველი შედეგები უკვე ზაფხულის დასაწყისში იქნება. რაც შეეხება ამ პროექტში საპარტნიორო ფონდის მონაწილეობას, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ "საპარტნიორო ფონდი" პროექტში მენეჯმენტის კუთხით მონაწილეობს.
"ასეთი ტიპის ქონებრივი მართვისა და ვალდებულებების განხორციელების კუთხით საპარტნიორო ფონდს ბევრად მეტი გამოცდილება აქვს, ვიდრე - ჯანდაცვის სამინისტროს", - განაცხადა სერგეენკომ.