ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელთან აზიმ სადიკოვთან
გასული წლიდან მოყოლებული, რაც ლარმა დოლართან მიმართებაში მკვეთრი ვარდნა დაიწყო, ეროვნული ვალუტის გაუფასურების უამრავი მიზეზი სახელდება, რომლებიც ხშირად ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. ერთი მხრივ, მთავრობა ლარის კურსის გაუფასურებაში პანიკის საფუძველს ვერ ხედავს და აცხადებს, რომ ეს გარე ფაქტორებით არის გამოწვეული. თუმცა, გარკვეულწილად ამაში ეროვნულ ბანკსაც ადანაშაულებს. თავის მხრივ კი ბევრი საუბრობს მთავრობის უუნარობასა და არასწორ პოლიტიკაზე. რა ძირითადი ფაქტორებით არის განპირობებული ლარის გაუფასურება, რამდენად სწორად წარმართა ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკა და რა ელის ლარს გრძელვადიან პერიოდში, ამ და სხვა საკითხებზე bpn.ge-ს შეკითხვებს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი აზიმ სადიკოვი პასუხობს.
- ძირითადად რომელი ფაქტორები განაპირობებენ ლარის უპრეცედენტო გაუფასურებას?
- აშშ დოლართან მიმართებით ლარი 30 პროცენტზე მეტად გაუფასურდა ბოლო 12 თვის განმავლობაში. ძირითადად ეს ტენდენცია წინა წლის ნოემბრიდან შეინიშნებოდა. ამას ძირითადად ორი ფაქტორი განაპირობებდა. პირველი გახლავთ აშშ დოლარის გლობალური გამყარება ბოლო წლის განმავლობაში, რადგან აშშ-ის ფედერალური რეზერვების ბანკმა თვისობრივი შერბილების პროგრამა დაასრულა და საერთაშორისო ბაზრებზე შეიქმნა იმის მოლოდინი, რომ წლის ბოლოს დაიწყება საპროცენტო განაკვეთების ზრდა. არა მხოლოდ გრივნა და რუბლი - თუმცა, უდაოდ, უკრაინა და რუსეთი ეკონომიკურ სირთულეებს განიცდიან - გაუფასურდნენ აშშ დოლართან მიმართებაში. საქართველოს ბევრი სხვა სავაჭრო პარტნიორის ვალუტაც გაუფასურდა. მაგალითად, ევრო 20 პროცენტზე მეტად დაეცა აშშ დოლართან მიმართებაში, მაშინ როდესაც თურქული ლირა - თითქმის 30 პროცენტით. ლარის გაუფასურების მეორე მიზეზი გახლავთ გარე შოკებიდან მომდინარე ეფექტი, რასაც გავლენა აქვს მთელს რეგიონზე და საქართველოზე. საქართველოდან ექსპორტი და ქვეყანაში შემომავალი ფულადი გზავნილები მნიშვნელოვნად - 25-30 პროცენტით შემცირდა. უცხოურ ვალუტაში ფინანსური ნაკადების შემოდინების შემცირებამ გააფართოვა საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და საგარეო დაფინანსების დანაკლისი, რამაც ზეწოლა იქონია ლარზე.
-მთავრობა ამტკიცებს, რომ ლარის გაუფასურების ლომის წილი საგარეო ფაქტორებზე მოდის. ნუთუ მათი წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელი იყო? საქართველოს მთავრობას შეეძლო საჭირო ნაბიჯების გადადგმა ამგვარი ღრმა კრიზისის თავიდან ასაცილებლად?
-ნამდვილად, ლარის გაცვლითი კურსის გაუარესება აშშ დოლარის მიმართ თითქმის მთლიანად გარე ფაქტორებითაა გამოწვეული. თქვენს პირველ კითხვაზე პასუხად მინდა გითხრათ, რომ ჩემ მიერ ნახსენები ორივე ფაქტორის პროგნოზირება შეუძლებელი იყო. რაც შეეხება დოლარის გლობალურ გამყარებას, ბევრი ეკონომისტი წინასწარ გრძნობდა ამის ალბათობას აშშ ეკონომიკის გაჯანსაღების კვალობაზე, თუმცა ვერავინ შეძლებდა დოლარის გამყარების დროის, ან მასშტაბების წინასწარ განჭვრეტას. ყოველივე ეს ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ საერთაშორსო ბაზრები აშშ ეკონომიკის ამსახველ მონაცემებს და როგორ ახდენენ ფედერალური რეზერვების ბანკის მოქმედებების ინტერპრეტაციას. რაც შეეხება მეორე ფაქტორს, ე.ი. რეგიონზე გავლენის მქონე გარე შოკებს, საეჭვოა, რომ ვინმეს შესძლებოდა უკრაინაში არსებული კონფლიქტის გამოსავლის და ნავთობზე ფასების ასეთი მკვეთრი ვარდნის პროგნოზირება. ამ ყველაფრის არსი ის გახლავთ, რომ რთულია იმის პროგნოზირება, თუ როდის იქონიებენ საგარეო შოკები დარტყმის ეფექტს ქვეყნის ეკონომიკაზე, დიდი იქნება თუ მცირე მათი მასშტაბი, მუდმივი იქნება თუ დროებითი მათი ზეგავლენა. ეს გარემოებები ქვეყნის პოლიტიკის განმსაზღვრელთა კონტროლის არეალს სცილდება. თუმცა, მათ შეუძლიათ სწორედ იმგვარი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას შეამზადებს პოტენციური შოკებისთვის, შეამცირებს სისუსტეებს და გააძლიერებს ამტანობას. ნამდვილად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის სარეზერვო დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური პროგრამა, მიზნად ისახავს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას და უცხოური რეზერვების შენარჩუნებას ჯანსაღი ეკონომიკისთვის საჭირო დონეზე.
-რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს მთავრობამ სავალუტო რყევებით გამოწვეული გავლენის შესამცირებლად?
-ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური პოლიტიკის კონტექსტში გარე შოკებისადმი საუკეთესო რეაგირებაა ლარის მცურავ და საჭიროებისამებრ, გაუფასურების რეჟიმში შენარჩუნება. ამით იქმნება იმის შესაძლებლობა, რომ გაცვლითმა კურსმა შეისრუტოს შოკის უმეტესი წილი და რეალური ეკონომიკა ზეწოლისგან დაიცვას. თუმცა, ისეთ ძალზედ დოლარიზებულ ეკონომიკაში, როგორიც საქართველოა, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ გაუფასურება მეტწილად გულისხმობს მდგომარეობის დამძიმებას დოლარში კრედიტების მქონე ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის. მათზე ნეგატიურად მოქმედებს ის ფაქტი, რომ ვალის მომსახურება ლარში უფრო ძვირი უჯდებათ. მოკლევადიან პერიოდში მნიშვნელოვანია გავიგოთ, როგორ ართმევენ ისინი თავს ამ შოკს და რა შეიძლება გაკეთდეს ამ ტკივილის შესამსუბუქებლად - ნაწილობრივ მაინც. საშუალოვადიან პერიოდში ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს ეკონომიკის დედოლარიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა, რათა სავალუტო რყევებს შეზღუდული ეფექტი ჰქონდეს ეკონომიკაზე.
-დღევანდელი სურათით თუ ვიმსჯელებთ, რა შეიძლება ითქვას ლარზე გრძელვადიან პერიოდში?
-საქართველოს მსგავსად ლარსაც ნათელი მომავალი აქვს. აშშ დოლარის მიმართ გაუფასურების მიუხედავად, ლარისადმი ნდობა არსებობს. ჩვენ არ შეგვიმჩნევია ლარიდან სხვა ვალუტაზე მასიური კონვერტაციები კურსის ცალკეული რყევების ეპიზოდებში და ლარი ინარჩუნებს მსყიდველუნარიანობას, რაც დასტურდება კიდეც დაბალი და სტაბილური ინფლაციით. გაცვლითი კურსის გაზრდილი მოქნილობა საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს განვითარებას წაადგება.
-როგორ შეაფასებდით ლარის კრიზისზე საქართველოს მთავრობის მხრიდან მომეტებულ ზეწოლას და პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს ეროვნულ ბანკზე? ზოგადად, როგორ შეაფასებდით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ პოლიტიკას?
-საერთაშორისო სავალუტო ფონდი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკას, რაც ლარის მცურავ რეჟიმს გულისხმობს. საქართველოსთვის საუკეთესო პოლიტიკაა მცურავი ლარი, რადგან ამგვარად საგარეო შოკს ისრუტავს გაცვლითი კურსი და მისი ეფექტი არ გადადის რეალურ ეკონომიკაზე. მცურავი გაცვლითი კურსი საქართველოს ეროვნულ ბანკს საშუალებას აძლევს, ყურადღება ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითად მიზნებსა და ორიენტირებზე გაამახვილოს - დაბალი და სტაბილური ინფლაცია უზრუნველყოს. ეს განსაზღვრულია კიდეც საქართველოს კონსტიტუციაში და ორგანულ კანონში საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ. ქვეყნის ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის შენარჩუნება, რომლის დროსაც მას თავისუფლად შეეძლება იმ ინსტრუმენტების და პოლიტიკის მექანიზმების შერჩევა, რომელსაც გამოიყენებს ინფლაციის სამიზნე ორიენტირის მისაღწევად, კიდევ უფრო გააძლიერებს მის სანდოობას, ლარისადმი ნდობას და საბოლოო ჯამში ამით ქვეყნის ეკონომიკაც ისარგებლებს.
-მთავრობა იმაზე აპელირებს, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს გააჩნია ბერკეტები ლარის გაუფასურების შესაჩერებლად, ან მინიმუმ შესანელებლად. მართლაც ასეა?
-სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებთ, მსურს გაგახსენოთ, რომ აშშ დოლარის მიმართ ლარის მნიშვნელოვან გაუფასურებამდე მოხდა მისი გაცილებით ნაკლები დოზით გაუფასურება სხვა ფულადი ერთეულების მიმართ. პრინციპში, ლარი გამყარდა ზოგიერთი ვალუტის - მათ შორის გრივნიასა და რუბლის - მიმართ. საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ფულადი ერთეულების კალათაში ლარი მხოლოდ 5 პროცენტით გაუფასურდა წინა წელთან შედარებით. მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ შეიძლება განაპირობოს ლარის გამყარება. მთავრობამ შეიძლება შეამციროს საბიუჯეტო დეფიციტი ხარჯების შემცირებით ან გაზრდილი შემოსავლებით, მაშინ როდესაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიძლება ფულად-საკრედიტო პოლიტიკა გაამკაცროს პოლიტიკის განაკვეთის გაზრდით. ამით მოხდება ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილება, იმპორტის მიმდინარე შემცირების დაჩქარება და საგარეო ბალანსის დანაკლისიც უფრო მალე დაიხურება. თუმცა, ფისკალური და მონეტარული პოზიციების გამკაცრებამ შეიძლება ეკონომიკა დეპრესიული გახადოს და რეცესიაც გამოიწვიოს. ამიტომ, ნათელია არჩევანი ლარის დროებით სტაბილურობასა და ეკონომიკურ ზრდას შორის. საშუალოვადიან პერიოდში, ლარის გამყარება დამოკიდებული იქნება ეკონომიკის პროდუქციულობის დონეზე, მის კონკურენტუნარიანობაზე საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტის, ტურისტებისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ამიტომ, ქვეყანაში მნიშვნელოვანია გაგრძელდეს სტრუქტურული რეფორმების განხორციელება, რათა კიდევ უდრო გაუმჯობესდეს ბიზნეს გარემო, გაძლიერდეს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა და გაიზარდოს მისი საწარმოო პოტენციალი.
-რა შედეგებს იქონიებს ლარის გაუფასურება?
-ძირითადი საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ ლარის გაუფასურება აშშ დოლარის მიმართ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანამ კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს, არ მოახდინოს იმპორტის ზედმეტი გაუფასურება და ექსპოტის მოჭარბებული გაძვირება. ლარი რომ არ გაუფასურებულიყო, საქართველო დაკარგავდა კონკურენტუნარიანობას არა მხოლოდ საქონლით ვაჭრობის, არამედ ტურიზმის ჭრილშიც. ეს საზიანოდ იმოქმედებდა ბიზნესზე საქართველოში, რაც ასევე ნეგატიურ გავლენას გამოიწვევდა დასაქმებასა და ფიზიკური პირების შემოსავლებზე. რა თქმა უნდა, აშშ დოლარის მიმართ გაუფასურება გამოიწვევდა დოლარში კრედიტების და ლარში შემოსავლის მქონე პირთა შემთხვევაში ვალის მომსახურების ტვირთის გაზრდას. ასეთ ოჯახებს და საწარმოებს ამჟამად უჭირს, რადგან გრაფიკით კრედიტის გადახდის შემდეგ ნაკლები ფული რჩებათ სხვა ხარჯების გასაწევად.
ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ხელისუფლებამ გააგრძელოს ქვეყნის დედოლარიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა. საქართველოს ეკონომიკა ძალიან დოლარიზებული რომ არ ყოფილიყო, ხალხის უმრავლესობა მხოლოდ ინფლაციაზე გააკეთებდა აქცენტს და გაცვლითი კურსის რყევების გამო ამხელა გავლენის ქვეშ არ მოექცეოდა. ბიზნესწრეები ალბათ, მიესალმებიან უფრო კონკურენტუნარიან ლარს. წარმატებული დედოლარიზაციის კარგი მაგალითებია ისრაელი და თურქეთი. დოლარში კრედიტის მქონე პირების მდგომარეობის შესამსუბუქებლად საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა გამოაცხადეს, რომ მზად არიან მსესხებლებს გაუხანგრძლივონ გადახდის ვადები და ამგვარად შეუმცირონ ვალის მომსახურების ტვირთი. ასევე, ბანკებს მოუწევთ კორპორაციულ კლიენტებთან მუშაობაც, რომლებსაც უჭირთ დოლარში აღებული კრედიტების მომსახურება. საქართველოში მოქმედი ბანკების უმრავლესობას შეუძლია კეთილსინდისიერი მსესხებლებისადმი კრედიტების პირობების გადახალისება განახორციელონ, რადგან მათ კაპიტალის მყარი ბუფერები აქვთ შექმნილი.
- რას ურჩევდით საქართველოს მთავრობას ლარის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად?
-მთავრობის მიზანია ეკონომიკის სტაბილურობისკენ მიმართული პოლიტიკის დანერგვა, საგარეო დაფინანსებაში დანაკლისის ამოვსება და საშუალოვადიან პერსპექტივაში ეკონომიკური ზრდის და განვითარების ხელშემწყობი პირობების შექმნა.
ლარი მცურავი ფულადი ერთეულია, რაც შოკის შემწოვის ფუნქციას ასრულებს. ლარი შეიძლება სტაბილური გახდეს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით, თუმცა გარკვეულ ფასად: ქვეყნის ეკონომიკის ზრდა შეიძლება უფრო სიღრმისეულად შენელდეს. ქვეყნის საშუალოვადიანი პერსპექტივის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკა აქცენტირებული იყოს იმაზე, თუ როგორ გახდეს საქართველო უფრო მიმზიდველი ადგილი ბიზნეს წრეებისა და ტურისტებისთვის. თუ ეს ყველაფერი წარმატებით განხორციელდება, ამგვარი ზომები გაზრდის ექსპორტს და ტურიზმს, მოიზიდავს ინვესტიციებს, საგარეო ანგარიშების სტაბილურობას განაპირობებს, შექმნის სამუშაო ადგილებს და მოახდენს ეკონომიკის მოდერნიზაციას.
მარი ჯავახიშვილი