საქართველოში იმპორტირებული მედიკამენტების 27% თურქეთზე მოდის - სად ყიდულობს ქვეყანა ყველაზე დიდი რაოდენობით წამლებს

საქართველოში მედიკამენტების იმპორტი 35%-ით გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანამ უცხოეთში 502,495 მლნ დოლარის ღირებულების სამკურნალო საშუალება იყიდა (489,633 მლნ დოლარის დაფასოებული, 12,862 მლნ დოლარის დაუფასოებელი), წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი წამლის იმპორტის მოცულობამ 372,1 მლნ დოლარი შეადგინა (360,898 მლნ დოლარი დაფასოებული, 11,208 მლნ დოლარი დაუფასოებელი).

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 11 თვეში იმპორტირებული მედიკამენტების მეოთხედზე მეტი (27%) ერთ ქვეყანაზე - თურქეთზე მოდის. უფრო კონკრეტულად, წელს საქართველომ თურქეთში 136,288 მლნ დოლარის სამკურნალო საშუალებები შეიძინა.

მედიკამენტების იმპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედიან: (დაფასოებული)

  • თურქეთი - 136,288 მლნ დოლარი
  • შვეიცარია - 53,099 მლნ დოლარი
  • გერმანია - 52,182 მლნ დოლარი
  • უნგრეთი - 36,486 მლნ დოლარი
  • საფრანგეთი - 28,560 მლნ დოლარი

რაც შეეხება დაუფასოებელ სამკურნალო საშუალებებს, აქ უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნების მაჩვენებელი განსხვავებულია. კერძოდ, 2023 წლის 11 თვეში საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით დაუფასოებელი მედიკამენტი ინდოეთში შეიძინა - 3,113 მლნ დოლარის ღირებულების, მეორე ადგილზეა ჩინეთი - 1,468 მლნ დოლარი, მესამეზე იტალია 1,427 მლნ დოლარი. ამასთან, ხუთეულში შედიან უკრაინა - 1,209 მლნ დოლარით და ლატვია - 1,205 მლნ დოლარით.