"აკრძალვის მიუხედავად, საქართველოში ფალსიფიცირებული რძის ნაწარმი იყიდება" - 10 ნიმუშიდან 2-ში მცენარეული ცხიმი აღმოჩნდა

რძის ნაწარმის 10 ნიმუშიდან 2-ში მცენარეული ცხიმი გამოვლინდა - ამის შესახებ ინფორმაციას „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (momxmarebeli.ge) ავრცელებს.

მათივე ცნობთ, ცენტრმა 2023 წლის დეკემბერში, თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 10 რძის პროდუქტი შეიძინა და ლაბორატორიას ჩააბარა, მცენარეული ცხიმის შემცველობაზე შესამოწმებლად. 10-დან 2 ნიმუშში მცენარეული ცხიმი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით, პროდუქტი, რომელშიც რძის ცხიმი მცენარეული ცხიმით, ან სხვა ინგრედიენტებით არის ჩანაცვლებული, არ წარმოადგენს რძის ნაწარმს და მასზე რძის პროდუქტის დასახელების (ყველი, კარაქი, არაჟანი და სხვა) მითითება აკრძალულია.

„აკრძალვის მიუხედავად, წლების განმავლობაში, საქართველოში მცენარეული ცხიმების შერევით ფალსიფიცირებული რძის ნაწარმი იყიდება. შესაბამისად, მომხმარებელი შეცდომაში შედის და რძის ნაწარმის ნაცვლად, თავისდაუნებურად, სხვა პროდუქტს იძენს.

როგორც ცნობილია, მცენარეული ცხიმი ჩვეულებრივად გამოიყენება საკვებად და, როგორც ასეთი, საფრთხეს არ წარმოადგენს. თუმცა, ადამიანის, განსაკუთრებით კი ბავშვის ნორმალური განვითარებისა და ჯანმრთელობისათვის დაბალანსებულ კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რის ერთ-ერთ ნაწილსაც, მომხმარებლის არჩევანის მიხედვით, რძის ნაწარმიც წარმოადგენს.

გარდა ამისა, ადამიანი მატერიალურადაც ზარალდება, როდესაც რძისა და რძის ნაწარმის შესაბამის ფასს ფალსიფიცირებულ პროდუქციაში იხდის.

საერთო ჯამში 20 ნიმუში შევისყიდეთ და ჩავაბარეთ ლაბორატორიას. პირველ ეტაპზე 10 ნიმუშის შემოწმების შედეგებს ვაქვეყნებთ. დამატებითი 10 ნიმუში ჯერ კიდევ მოწმდება ლაბორატორიაში და მათი შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი,“- ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი