რომელი ბრენდის მობილურ ტელეფონებს ყიდულობენ ქართველი მომხმარებლები ყველაზე ხშირად

bpn.ge დაინტერესდა, თუ რომელი ბრენდის მობილურ ტელეფონებს ყიდულობს ბოლო პერიოდში ქართველი მომხმარებელი ყველაზე ხშირად.

როგორც "ელიტ-ელექტრონიქსის" პიარ-მენეჯერმა ნოკა ბაინდურაშვილმა გვითხრა, "ელიტ-ელექტრონიქსში" ყველაზე მოთხოვნადი Apple-ის, Samsung-ისა და HTC-ის მობილურებია.

"თუმცა, "სამსუნგის" გალაქსი ყველაზე პოპულარულია. მომხმარებელს მოსწონს "გალაქსის" ფუნქციებიც და ფასიც. ხშირ შემთხვევაში ჩვენთან ამ ბრენდის ტელეფონებს განვადებით ყიდულობენ", - ამბობს "ელიტ-ელექტრონიქსის" პიარ-მენეჯერი.

ბოლო პერიოდში კომპანია "სმაილიში" ყველაზე გაყიდვადი "სამსუნგის" მობილური ტელეფონებია. მომხარებელთა უმეტესობა "სმაილის" ქსელში საშუალოდ 400-დან 550 ლარის ფარგლებში არსებულ მობილურ ტელეფონებს ყიდულობს. გაყიდული პროდუქციის 35% კი განვადებაზე მოდის.

"ზუმერში" პოპულარობით გამოირჩევა "ლენოვო" სმარტფონები, რომელიც ადგილობრივ მომხმარებელს დაბალი ფასით იზიდავს. როგორც "ზუმერში" გვითხრეს, ყველაზე ხშირად 300-დან 500 ლარამდე ღირებულების მობილურ ტელეფონებს ყიდულობენ და განვადებითაც საკმაოდ ხშირად სარგებლობენ.

"ლენოვოს" სმარტფონებზეა დიდი მოთხოვნა მეგა-ტექნიკაშიც. როგორც მაღაზიის მობილურებისა და ტელევიზორების ბრენდ-მენეჯერი თევდორე თავხელიძე ამბობს, ბოლო პერიოდში ქართველ მომხმარებელში "ლენოვო" მოთხოვნადი ბრენდი გახდა.

"მართალია, "სამსუნგი" კვლავ ლიდერია, მაგრამ ფასის გამო თანდათან "ლენოვო" მეტად პოპულარული და მოთხოვნადი ხდება. ამასთან, მომხმარებელი უკვე ნაკლებად ფიქრობს, რომ "ლენოვო" ჩინური და უხარისხოა. ბოლო ხანებში, ადგილობრივ მომხმარებელს "ლენოვოს" მიმართ მეტი ნდობა გაუჩნდა, რადგან ის როგორც ბრენდი, ამერიკული ბრენდის შესყიდვის შემდეგ ჩამოყალიბდა. ჩვენთან მობილურის ყიდვა უმეტესად განვადებით ხდება, ნაღდი ფულით თითქმის აღარავინ ყიდულობს. ყველაზე მოთხოვნადი 400-500 ლარის ღირებულების მობილურებია," - ამბობს თევდორე თავხელიძე.

"ტექნო ბუმის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მაია მამულაშვილის თქმით, კომპანიაში ყველაზე მოთხოვნადი 200-დან 500 ლარამდე ღირებულების ტელეფონებია.

"ტექნო ბუმში" ამ დროისთვის წარმოდგენილია მსოფლიო ბრენდების მობილური ტელეფონები: Sony, Apple, Samsung, Stilens, Nokia, Prime, Huawei, HTC, LG, რომელთა შორის მომხმარებელი მისი სურვილის მიხედვით, ტექნიკური მახასიათებლებისა და ღირებულების გათვალისწინებით აკეთებს არჩევანს. გაყიდვებში ლიდერობს აიფონები და სტაილენსის სმარტფონები. ყველაზე მოთხოვნადი საშუალოდ 200-დან 500 ლარამდე ტელეფონებია", - აღნიშნა მაია მამულაშვილმა.

თაკო ესებუა