რუსეთიდან საქართველოს საზღვრის გადასაკვეთად მომლოდინე სატვირთო ავტომობილების რაოდენობა ბოლო ერთ კვირაში, თითქმის 4-ჯერ გაიზარდა. ინფორმაციას ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიის რესპუბლიკის საგზაო მოძრაობის მართვის ცენტრის ვებგვერდი ელექტრონული რიგის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
თუ 24 იანვარს მათი რაოდენობა 780 ავტომობილს სცდებოდა, 30 იანვრის მდგომარეობით რიგში მყოფი სატვირთო ავტომობილების რიცხვმა, თითქმის, 3 ათასს მიაღწია.
მხოლოდ ჩრდილო ოსეთის ტერიტორიაზე რიგში 200-ზე მეტი ავტომობილი დგას.
„ავტოსადგომზე 90, გზაზე კი 116 სატვირთო ავტომობილია. მსუბუქი ავტომობილები რიგში არ არიან,“ - აცხადებს ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
უწყების ცნობით, მართალია, „საქართველოში შემავალი გზა ამჟამად ყველა სახის ტრანსპორტისთვის ღიაა, თუმცა მისი გადაკეტვის დროს მძიმე სატვირთო ავტომობილების რაოდენობა დაგროვდა და რიგი შეიქმნა.“
ცნობისთვის: კავკასიონის მთავარ ქედზე გამავალი ვლადიკავკაზი-თბილისის გზა, რომელიც რუსეთს საქართველოსთან და ამიერკავკასიის დანარჩენ ქვეყნებთან აკავშირებს, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის თოვისა და მოყინვის გამო 21 იანვარს ჩაიკეტა.
რუსეთის მონაკვეთზე მარშრუტი ჩრდილოეთ ოსეთზე გადის, რომელიც ზამთარში უამინდობის გამო ხშირად იკეტება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ