ორი დღის წინ, ფონდი „საფარის“ დირექტორმა ბაია პატარაიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე საქართველოს პროფკავშირების დირექტორის მოადგილე რაისა ლიპარტელიანმა განაცხადა, რომ საქართველოში 277 ადამიანის თვიური ხელფასი ნახევარი მილიონი ლარია.
სტატსუსს მოსახლოების მხრიდან სერიოზული გამოხმაურება მოყვა. მათმა ნაწილმა ვერ დაიჯერა, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთა თვიური შემოსავალი ამხელა თანხას აღწევს.
ვინ არიან ისინი, რომელ სექტორში არიან დასაქმებულები და როგორია საქართველოში მინიმალური ხელფასი, ამ კითხვებით რაისა ლიპარტელიანს მივმართეთ:
- რაისა, ნამდვილად არსებობს საქართველოში 277 ადამიანი, რომლის თვიური ხელფასიც, საშუალოდ ნახევარი მილიონი ლარია?
- დიახ, ახლა გვაწვდის ფინანსთა სამინისტრო მონაცემებს, სადაც ასევე გვაქვს გრადაცია, რამდენ ადამიანს აქვს 100-500 ლარამდე ხელფასი და მეტი. ამ კონტიგენტში 277 ადამიანის საერთო სახელფასო ფონდია მითითებული, საშუალოს თუ გამოვიყვანთ, გამოდის ნახევარი მილიონი ლარი თვეში. მაგალითად, შარშან დეკემბრის მონაცემი რომ ვნახოთ, 493 ადამიანია, ვისაც თვეში 350 ათასი ლარი ჰქონდა საშუალო ხელფასი. ამ ციფრებში ძალიან საინტერესო სტატისტიკა ჩანს, ეს არის რეალურად იმის პასუხი, როდესაც ქვეყნდება მონაცემები, რომ გვაქვს ეკონომიკური ზრდა და საშუალო ხელფასი იმატებს. რატომ ვერ გრძნობს ამას ხალხი და სინამდვილეში პასუხი არის ეს.
გუშინ ბაია პატარაიამ სოციალურ ქსელში დაწერა ამ თემაზე. ჩვენ ერთ-ერთ შეხვედრაზე ვიყავით და იქ ვისაუბრე. თორემ იქამდე ქარდებიც დავდეთ ჩვენს გვერდზე, ვცდილობდით, რომ საზოგადოების ყურადღება მიგვეპყრო.
შარშან ოქტომბერში მინიმალურ სახელფასო სარგოზე შევიტანეთ ინიციატივა, სადაც ფინანსური გათვლები გვაქვს. ჩვენ ვამბობთ, რომ თუ არსებული სახელფასო ფონდები სამართლიანად და თანაბრად განაწილდება, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ მინიმალური ხელფასის მომატების გამო კერძო ბიზნესსა თუ საჯარო სექტორს არ მოუწიოს დამატებითი ხარჯების გაღება.
- ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები, ვისაც ნახევარ მილიონამდე აქვთ ხელფასი, რომელ სექტორებში არიან დასაქმებულები?
- ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, მაგრამ სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, ექნება ეს მონაცემები. ზოგადად, კერძო და საჯარო სექტორი პირობითია. როდესაც საჯაროს ვახსენებთ, ყველას წარმოუდგენია, რომ საუბარია მხოლოდ პარლამენტსა და მთავრობაზე. სინამდვილეში, საბიუჯეტო უდიდესი სეგმენტია, მაგალითად, რკინიგზა, ფოსტა, აქ დირექტორებს და მენეჯმენტის ნაწილს კოლოსალური ხელფასები აქვთ. იგივე ხდება აიპებში, სიპებში... იმის თქმა მინდა, რომ არ ნიშნავს იმას, რომ მარტო კერძო სექტორის არის ეს მონაცემები.
- შესაძლოა რომელიმე მსხვილი კერძო კომპანიის დირექტორს ჰქონდეს ეს ხელფასი, უბრალოდ მან დაუნიშნოს საკუთარი თავს?
- არ არის გამორიცხული. იმიტომ რომ, რაც ცხადად შეგვიძლია ვთქვათ, ეს არ არის ბიზნესის შემოსავალი, ეს არის ფიზიკური პირის შემოსავალი და მაღალი ალბათობით აქ ხვდებიან სწორედ ასეთი ადამიანები, ხელმძღვანელი პირები, რომლებიც დასაქმებულები არიან სხვადასხვა სფეროში.
- კოვიდამდე ნახევარი მილიონ ლარამდე ხელფასი მხოლოდ 88 ადამიანს ჰქონდა, თუმცა ეს ციფრი ახლა რამდენიმეჯერ გაზრდილია. რეალურად გვესმის რომ პანდემიის შემდეგ ხალხი გაღარიბდა, დაიდეს ვალები, დაკარგეს სამსახურები, დაზარალდა ბიზნესი...
- ეს არის მთელი პრობლემა, რომ ჩვენს ქვეყანაში არ გვაქვს სახელფასო პოლიტიკის მექანიზმი. ეს გახლვათ: სახელფასო პოლიტიკა, მარეგულირებელი და ჩამკეტი მექანიზმები, რომლებიც არ მისცემს ბიზსნესს საშუალებას, დამსაქმებელს ჰქონდეს 200 და 300-ჯერ მეტი ხელფასი, ვიდრე ქვედა რგოლს. ყოველთვის, როდესაც კრიზისები წარმოიქმნება, როგორც კოვიდის შემთხვევაში, ეს კიდევ უფრო აღრმავებს უთანასწორობას. ჩვენი ქვეყანა უთანასწორობის მაჩვენებლით ბოლო პოზიციაზეა, ამიტომ არ არის გასაკვირი. გააგრძელეთ კითხვა