გასული წლის მე-4 კვარტალში საქართველოში 1 505 240 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. ამის შესახებ მონაცემებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2023 წლის მე-4 კვარტალში საქართველოს რუსეთიდან 269 411 ვიზიტორი ეწვია, რაც 2022 წელთან შედარებით, 12.2%-ით შემცირებული მაჩვენებელია, ხოლო პანდემიამდელ 2019 წლის მაჩვენებელს პირიქით 1.4%-ით აღემატება.
რაც შეეხება მთლიანად გასული წლის მაჩვენებელს, 2023 წელს საქართველომ ყველაზე მეტი ვიზიტორი სწორედ რუსეთიდან მიიღო. კერძოდ, გასულ წელს ქვეყანას რუსეთიდან 1 418 464 ვიზიტორი ეწვია.
ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, მთლიანად, 2023 წელს საქართველოში 7 072 220 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდელი პერიოდის მონაცემების 75.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა 30.3%-ს შეადგენს.
მათივე ცნობით, 2023 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით (856.7 მლნ აშშ დოლარით), ხოლო 2022 წლის მონაცემებს კი 17.3%-ით (608.7 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა. ჯამში, 2023 წელს საქართველომ ტურიზმიდან რეკორდული - 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.