„შეიძლება მოხდეს ასეთი რამ, რომ კლინიკებმა ყველა მეთოდი გამოიყენონ, რათა რთული პაციენტები არ მიიღონ“ - ასე აფასებს ლეტალობის 6%-ზე მაღალი მაჩვენებლის მქონე კლინიკებისთვის დაფინანსების შეწყვეტას ჯანდაცვის ექსპერტი, ვატო სურგულაძე „პალიტრანიუსის“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“.
როგორც სურგულაძე განმარტავს, არსებობს კლინიკები, რომლებიც მძიმე პაციენტებს იღებენ და ამ შემთხვევაში ლეტალობის ალბათობა შედარებით მაღალია. სწორედ ამ მიზეზის გამო, არაპროპორციულია სიკვდილიანობის 6%-ზე მეტის შემთხვევაში დაფინანსების შეწყვეტა.
„შეიძლება მოხდეს ასეთი რამ, რომ კლინიკებმა ყველა მეთოდი გამოიყენონ, რომ რთული პაციენტები არ მიიღონ. ჯანდაცვის სამინისტროში ძირითადად მუშაობენ ყოფილი პოლიციელები და მილიციელები - დაგიჭერ, შეგიწყვეტ, დაგსჯი - სხვანაირად არ ესმით. ჯანდაცვის სამინისტროს ამოცანა ის კი არ არის, ვიღაცა დასაჯო, არამედ გამოავლინო პრობლემა და კლინიკასთან ერთად გადაწყვეტილიყო, რატომ არის ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი“, - ამბობს სურგულაძე.
მისივე თქმით, ჩნდება ეჭვი, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსების შეწყვეტის გზით ხარისხის გაუმჯობესება კი არა, კლინიკების დიდი რაოდენობის დახურვა სურს. სურგულაძე ამბობს, რომ სამედიცინო მომსახურების ხარისხის გასაზრდელად ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა შეისწავლოს კლინიკებში არსებული ხარვეზები, გამოავლინოს პრობლემა და იზრუნოს მის აღმოფხვრაზე.
„არის კლინიკები, რომლებიც რთულ პაციენტებს იღებენ და მათი გადარჩენა რთულია, აქ სიკვდილიანობა მაღალი იქნება. საიდან აიღეს რიცხვი 6 არ ვიცი. მეორე ასეთი თეორიაა, რომ რაც შეიძლება მეტი კლინიკა უნდა დავხუროთ, დავტოვოთ ცოტა კლინიკა. ძალიან რთულია ახსნა ის, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებს. ნახევარფურცლიანი ე.წ განკარგულება რომ გაუგზავნეს კლინიკებს, ამას უნდა მოჰყვეს საკმაოდ ბევრფურცლიანი ახსნა, რას ნიშნავს 6%, როგორი მეთოდოლოგიით იქნება დათვლილი, შეეხება რეანიმაციას, თუ იქნება ზოგადი, დაითვლება წლის განმავლობაში თუ სხვა პერიოდის. ამით თითქოს ცდილობენ ხარისხი გააუმჯობესონ, აკრძალვებით, დასჯით ხარისხი არ გამოსწორდება. ხარისხი გამოსწორდება მაშინ, როცა შევისწავლით, რატომ აქვს ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი კონკრეტულ კლინიკას“, - განაცხადა ვატო სურგულაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკებს დაუგზავნა განკარგულება, რომლის მიხედვითაც სიკვდილიანობის 6%-ზე მეტის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებებს სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ.