"მივაღწიეთ იმას, რომ გოგონების შრომა ანაზღაურებადია"
მოდელობა საზღვარგარეთ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადი საქმიანობაა, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე. ქართულ მოდას დიდი ისტორია აქვს, თუმცა მისი განვითარება მხოლოდ ბოლო წლებში დაიწყო. რასაც ხელი მოდის კვირეულმა და უცხოურ სააგენტოებთან კონტაქტების დამყარებამ შეუწყო. ქართველ დიზაინერებს უკვე იწვევენ მსოფლიოს მოდის კვირეულში მონაწილეობის მისაღებად, ქართველი მოდელები კი მსოფლიოს წამყვან დიზაინერებთან და სააგენტოებთან თანამშრომლობენ.
ცნობილი ქართველი მოდელი თაკო ჩხეიძე, ერთ-ერთი პირველი ადამიანია ქართული მოდის სამყაროდან, რომელიც უცხოურ სააგენტოებთან თანამშრომლობდა. თაკო წლებია საკუთარ გამოცდილებას ქართული მოდის განვითარებას უზიარებს. სწორედ ის გახლავთ თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორი, რომლის მეშვეობით ქართველი დიზაინერების და მოდელების შესახებ უცხოელმა ბაიერებმაც გაიგეს. მოდის კვირეულს ყოველ სეზონზე სტუმრობენ მსოფლიოს მოდის კრიტიკოსები და დიზაინერები. თაკომ საკუთარი სამოდელო სააგენტო Geomodels ჩამოაყალიბა, რომლის მოდელებიც უცხოეთის წამყვან სააგენტოებთან თანამშრომლობენ.
თაკო ჩხეიძე, Geomodels-ის და თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელი:
- თაკო, ვინ არიან თქვენი სააგენტოს მაღალანაზღაურებადი მოდელები?
- ანი ჩიხლაძე, ანა შელია, მარიამ სანოგო, ნინი კაკაბაძე, ნათია ჩიქოვანი, მარიამ მღებროვი, მარიტა ჯანაშია. ფოტომოდელს რაც შეეხება, გვყავს უკრაინელი გოგო იარა და რუსი იანა, მათ ბევრი ითხოვს ფოტოგადაღებებზე, კარგად პოზირებენ, პროფესიონალები არიან.
- რის მიხედვით განისაზღვრება მოდელების ანაზღაურება და დაახლოებით რამდენია ძვირად ღირებული მოდელების ჰონორარი?
- მოდელები იყოფა დონეებისა და გამოცდილების მიხედვით. ასეა ჩვენს სააგენტოშიც, შესაბამისად, ანაზღაურებაც განსხვავებულია, დამწყებს უფრო ნაკლები ანაზღაურება აქვს. რეკლამებში უფრო ბევრია ანაზღაურება, ჩვენებებზე უფრო ნაკლები, ჟურნალის ედიტორიალებში კიდევ სხვა ჰონორარია, სახესაც გააჩნია. თბილისის მოდის კვირეული ეხმარება მოდელებს პოპულარიზაციაში, დიზაინერებისგანაც ცნობილ მოდელებზეა მოთხოვნა, მაგრამ ყველა სეზონზე გვყავს ახალი სახეები. გვყავს მოდელები, რომლებიც პოდიუმზე მუშაობენ და რომლებიც გადაღებებზე მუშაობს. თბილისის მოდის კვირეულზე თითო ჩვენებაში 100 ლარს უხდიან მოდელს, მივაღწიეთ იმას, რომ გოგონების შრომა ანაზღაურებადია. სარეკლამო გადაღებებში მაღალანაზღაურებადი მოდელების ჰონორარი 500 დოლარიდან იწყება, ლუქბუქებში გადაღება 200 დოლარი ღირს. თუ უცხოურ კომპანიების რეკლამაში იღებენ მოდელს, იქ სხვა მოთხოვნაა.
ნინო ცქიტიშვილის სამოდელო სააგენტო Look models ძირითადად უცხოურ სააგენტოებთან მუშაობს. სააგენტოს მოდელი თაკო ნაცვლიშვილი მსოფლიოს წამყვანი დიზაინერების ჩვენებებში იღებს მონაწილეობას. ახალგაზრდა მოდელს უცხოელები ნამდვილ აღმოჩენად მიიჩნევენ, ასე მოხდა ელენე მახარაშვილის შემთხვევაშიც, რომელსაც მსოფლიოს მოდის სფეროში ელენსიოს სახელით იცნობენ.
ნინო ცქიტიშვილი Look models-ის დამფუძნებელი:
- ჩემი სააგენტოს მაღალანაზღაურებადი მოდელები არიან: თაკო ნაცვლიშვილი, ელენე მახარაშვილი, მარიშა ურუშაძე, მაგდა მელიქიშვილი, მანიკა ასათიანი, ნინი ნებიერიძე, ნინა ფოცხიშვილი, ელენე კოპალეიშვილი. აქედან უმეტესობა უცხოეთში მუშაობს. რა თქმა უნდა, იქ უფრო მეტს იღებენ, ვიდრე საქართველოში. თუ ჩვენი მოდის კვირეულზე ერთ გამოსვლაში მოდელს 100 ლარს უხდიან, უცხოეთში ჰონორარი 900 ევროდან იწყება. სარეკლამო გადაღებების ანაზღაურებას რაც შეეხება, სამუშაო პირობებს გააჩნია, ამის მიხედვით განისაზღვრება ანაზღაურება.
სამოდელო სააგენტო "ნატალის" ქართული მოდის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ნატა სამადალაშვილი პირველი ქართველი ქალია, რომელმაც სააგენტო შექმნა. არაერთი ულამაზესი გოგონა, რომელიც დღეს უკვე წარმატებულია, სწორედ მან აღმოაჩინა.
მარიამ გიორგობიანი. ყოფილი მოდელი, "ნატალის" მენეჯერი:
- როცა დამკვეთი მოდის, ფასები ცნობადობის მიხედვით განისაზღვრება. ჩვენი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელები არიან სოფო ჩაკვეტაძე, თინათინ ნატროშვილი, სოფო ხუბერაშვილი, ანა ნიშნიანიძე. "მერსედესის" და თბილისის მოდის კვირეულზე სტანდარტული ანაზღაურება აქვთ მოდელებს, თითო გამოსვლა ასი ლარი. რაც შეეხება სარეკლამო გადაღებებს, "ნატალი" მინიმუმ 800 დოლარიდან იწყებს მოლაპარაკებას დამკვეთთან. მაგალითად ერთ-ერთი ბანკის რეკლამის ბანერზე განათავსეს ჩვენი გოგონა, ამ შემთხვევაში, გაფორმდა ორწლიანი კონტრაქტი, რომლის მიხედვით, გოგონას ყოველწლიურად გადაუხდიან 700 დოლარს. როცა საზღვარგარეთ ვუშვებთ მოდელებს, უფრო მეტ თანხაზეა საუბარი. პირველ რიგში, უცხოურმა მხარემ უნდა უზრუნველყოს გოგონას წაყვანისა და განთავსების ხარჯები, შემდეგ ვსაუბრობთ ჰონორარზე. შეიძლება ცუდად ვთქვა, მაგრამ დავარდნილია ფასი ბაზარზე და მოდელს არ აქვს შესაბამისი ანაზღაურება. ახლა ბევრი სააგენტოა თბილისში, რაშიც ჩვენ 700 დოლარს ვითხოვთ, შესაძლოა სხვა სააგენტომ იგივე პირობებზე 100 დოლარად იმუშაოს. ეს ფაქტორი ყველა სააგენტოზე მოქმედებს.
თამარ ბოჭორიშვილი