ორწლიანი საომარი მოქმედებების დროს უკრაინის ეკონომიკა 30%-ით შემცირდა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალმა იაპონურ ტელეარხს NHK-ისთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
ამასთან, პრემიერის მონაცემებით, ომის პერიოდში ქვეყანა 10 მილიონმა ადამიანმა დატოვა.
„ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ეკონომიკის 30%, ჩვენი ტერიტორიების, დაახლოებით, 20% და 3,5 მილიონი სამუშაო ადგილი,“ - აცხადებს შმიგალი.
მისი თქმით, საბრძოლო მოქმედებების დროს უკრაინის ინფრასტრუქტურა სერიოზულად დაზიანდა. ასევე, ზიანი მიადგა, თითქმის, 2 მილიონ ოჯახსა და, დაახლოებით, 8,4 ათას კმ გზას.
„ქვეყანა 10 მილიონმა ადამიანმა დატოვა და უსაფრთხოების პრობლემების გამო ისინი ევროკავშირიდან და მთელი მსოფლიოდან უკრაინაში ვერ ბრუნდებიან,“ - დასძინა პრემიერმა.
მსოფლიო ბანკის, გაეროს, ევროკომისიისა და უკრაინის მთავრობის შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკის აღსადგენად სულ 486 მლრდ დოლარი არის საჭირო.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი პროგნოზირებდა, რომ 2023 წლის ბოლოსთვის უკრაინის მშპ 4,5%-ით გაიზრდებოდა, მაშინ, როცა მანამდე მხოლოდ 1-3%-იან ზრდას მოელოდა. დეკემბრის ანგარიშში წერია, რომ მთლიანობაში უკრაინის ეკონომიკა „შესამჩნევ გამძლეობას“ ავლენს, ხოლო მისი მაკრომაჩვენებლები მოსალოდნელზე უკეთესია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ