„ავტონაწილების ფასები 4-ჯერ იზრდება“ - გაძვირდება თუ არა 10 წელზე მეტი ხნის წინ გამოშვებული მანქანების ნაწილები

საქართველოში 10 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის შეზღუდვის შემდეგ, ქვეყანაში ძველ ავტონაწილებზე ფასები არ გაზრდილა. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „ავტობანის“ დამუძნებელი ბაკურ ხუნდაძე რამდენიმე მიზეზით ხსნის, ერთი, რომ შეზღუდვა ძველ ავტონაწილებზე არ ვრცელდება და მეორე ის, რომ ბაზარზე მაღალი კონკურენციაა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2024 წლის 1-ლი იანვრიდან 10 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი აღარ ხდება. სწორედ ამის გამო, გამოითქვა ვარაუდო, რომ შესაძლოა, ახლო მომავალში გაძვირდეს როგორც 10 წელზე მეტი ხნის წინ გამოშვებული ავტომობილები, ისე მათი ნაწილებიც.

თუმცა, როგორც ბაკურ ხუნდაძე აცხადებს, ამ რეგულაციას ავტონაწილების ბიზნესზე და ფასებზე გავლენა არ მოუხდენია: „ის ფაქტი, რომ საქართველოში 10 წელზე მეტი ასაკის მანქანები ვეღარ შემოვა, საერთოდ არანაირ გავლენას არ ახდენს ავტონაწილების ბაზარზე, რადგან ჩვენ კვლავ შეგვიძლია ჩამოვიტანოთ ძველი ნაწილები და ამ კუთხით შეზღუდულები არ ვართ“.

ხუნდაძის თქმით, ავტონაწილების ფასი ყოველწლიურად რამდენიმეჯერ იზრდება, რაც რამდენიმე მთავარი მიზეზითაა განპირობებული.

„ევროპაში ინფლაცია მაღალია, 12% დაახლოებით, ამიტომ ფასები მუდმივად ცვალებადია. პანდემიიდან მოყოლებული რამდენიმე ეტაპად გაიზარდა ფასები, მომწოდებლისგან ავტონაწილების ღირებულება წელიწადში 3-4-ჯერაც კი იზრდება. აქედან გამომდინარე, ქართულ კომპანიებს ფასების მატებაში ბრალი არ მიუძღვით.“, - განაცხადა ბაკურ ხუნდაძემ.

ამის გარდა, კომპანია „ავტობანის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ იმ ავტონაწილებს, რომლებიც შედარებით უფრო ძვირად ღირებულ მეტალებს, თუ ნივთიერებებს შეიცავენ, უფრო დიდი ფასი აქვთ.

„პანდემიის პერიოდში ყველაფრის ფასმა მოიმატა. ისიც უნდა ითქვას, რომ იმ ავტონაწილებს, რომლებშიც ალუმინი, რკინა და კაუჩუკია, ევროპაში მკაცრი რეგულაციების ხელში უწევთ გავლა, შესაბამისად, მწარმოებლები ფასებს მუდმივად ზრდიან“, - განმარტავს ბაკური ხუნდაძე.

ბაკურ ხუნდაძის თქმით, ავტონაწილების ფასი როგორც საქართველოში, ისე ევროპულ ბაზარზეც არასტაბილურია, მაგრამ ბაზარზე არსებული მკაცრი კონკურენციის შედეგად ფასები მაინც სტაბილური რჩება.

„ბაზარი არასტაბილურია, მოულოდნელად შეიძლება კომპანიამ დაგირეკოს და გითხრას, რომ 10%-ით გიძვირებ ნაწილებს. ერთადერთი დადებითი რამ, რაც ბაზარზე პოზიტიურად აისახება, ეს მკაცრი კონკურენციაა. ეს მომხმარებლისთვის კარგია, რადგან მაქსიმალურად ნარჩუნდება ბაზარზე დაბალი ფასები“, - ამბობს ბაკურ ხუნდაძე „ბიზნრესპრესნიუსთან“.

ბაჩანა ტყემალაძე