Hermès -ის ”ბირკინის” ჩანთა აუქციონზე 222 ათას დოლარად გაიყიდა

Hermès-ის ”ბირკინის” ჩანთა ყველაზე ძვირად ღირებული ჩანთა გახდა აუქციონების ისტორიაში, რაც კი ოდესმე გაყიდულა.

”ფორბსის” ინფორმაციით, ჰონგ კონგში გამართულ ”კრისტის” აუქციონზე ჰერმესის ბრილიანტებით ინკუსტრირებული, ნიანგის ტყავის ჩანთა რეკორდულ თანხად - 222 ათას დოლარად გაიყიდა (1.71 მილიონი ჰონგკონგური დოლარი).

აუქციონის სახლის წარმომადგენელთა განცხადებით, ჩანთა უცნობმა პირმა ტელეფონის საშუალებით შეიძინა.

აუქციონზე გაყიდული ჩანთების წინა რეკორდი 2011 წელს დამყარდა, როცა ბრილიანტებით მოოჭვილი ”ბირკინის” წითელი ჩანთა ნიუ იორკში გამართულ აუქციონზე 203,150 დოლარად გაიყიდა. იმავე წელს ერთ დროს ელიზაბეტ ტეილორის კუთვნილი, ბრილიანტებითა და ოქროთი გაწყობილი ჩანთა ”კრისტის” აუქციონზე 218, 500 დოლარად გაიყიდა, თუმცა ჩანთა საიუველირო ნაწარმის კატეგორიაში შევიდა.

თუმცა, დღეისთვის ”ჰერმესის” ყველაზე ძვირადღირებულ ჩანთად ჰიმალაის ნიანგის ტყავისგან დამზადებული ”ბირკინის” ჩანთა ითვლება, რომელიც თავად მოდის სახლმა 432 ათას დოლარად გაყიდა.

”ჰერმესის” მოდის სახლმა ჩანთას ”ბირკინი” ცნობილი ბრიტანელი მომღერლისა და მსახიობის ჯეინ ბირკინის პატივსაცემად უწოდა. ”ბირკინის” ჩანთების ღირებულება 10 500 დოლარიდან იწყება და 150 ათას დოლარს აღწევს.