"ჩანდლერი საშუალებას გვაძლევს, ხეებს შორის მანძილი მცირე იყოს. ამის წყალობით შენდება ე. წ. ინტენსიური ბაღები. თუ კარგად მოუვლი, ჰექტარზე 2-3 ტონამდე მოსავალს აიღებ"
სოფლის მეურნეობის განვითარების წახალისება კახეთის რეგიონში თვალში საცემი გახდა. საინტერესოა, რომ სოფლის მეურნეობით არა მხოლოდ ადგილობრივი ფერმერები, არამედ ისეთი ხალხიც დაინტერესდა, ვისაც მიწასთან შეხება არც ჰქონია. გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალდარგული კაკლის გახარებული ნერგები იწონებს თავს. ბაღის პატრონები დედაქალაქელები არიან, რომლებმაც სოფლის მეურნეობის აღდგენაში წვლილის შეტანა გადაწყვიტეს და მიწა იყიდეს.
გიორგი მესხიძე, სასოფლო-სამეურნეო კომპანიის თანამესაკუთრე: - მე და ჩემს მეგობრებს ნადირობა და თევზაობა ძალიან გვიყვარს და ცოტა ხნის წინ სოფლის მეურნეობითაც დავინტერესდით. 180 ჰექტარი მიწა ვიყიდეთ და ჩვენი აგრონომი მეგობრის რჩევით, კაკლის გაშენება გადავწყვიტეთ. დავრგეთ ამერიკული ჯიშის, ჩანდლერის ხეები. ეს ჯიში მოსავალს ბევრად მალე გვაძლევს, ვიდრე საქართველოში გავრცელებული კაკალი. ის გამოირჩევა ნაყოფის ხარისხიანობით და ბიზნესისთვის უფრო გამართლებულია - ჩანდლერი საშუალებას გვაძლევს, ხეებს შორის მანძილი მცირე იყოს. ამის წყალობით შენდება ე.წ. ინტენსიური ბაღები. თუ კარგად მოუვლი, ჰექტარზე 2-3 ტონამდე მოსავალს აიღებ.
- რატომ კაკალი და არა სხვა კულტურა?
- ჩვენი არჩევანი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ კაკალი არ არის მალფუჭებადი პროდუქტი და საჭიროების შემთხვევაში, ან ბაზარზე ცვლილებების დროს, შესაძლებელია მისი შენახვა, სულ ცოტა, 1 წლით. გარდა ამისა, მის მოყვანას ნაკლები დანახარჯი სჭირდება, ვიდრე, მაგალითად, ატამს. რაც მთავარია, კაკალი უკეთ უძლებს სეტყვას, ვიდრე სხვა კულტურები. ჩვენ გამოვიკვლიეთ ბაზარი, კაკალზე მოთხოვნა იზრდება. მსოფლიოში მიწების მხოლოდ 7-10%-ზე შეიძლება კარგი მოსავლის მიღება და, რა თქმა უნდა, ჩვენი რეგიონიც შედის იმ ნაწილში, სადაც ამ კულტურის კარგად განვითარება შეიძლება.
80 ჰექტარზე ვაპირებთ კაკლის ბაღების გაშენებას. გაზაფხულზე 40 ჰექტარი ავითვისეთ და 9500 ნერგი დავრგეთ. აქედან მხოლოდ 20-მა ვერ გაიხარა. შემოდგომისთვისაც 40 ჰექტარს ავითვისებთ, ნერგები უკვე შეკვეთილი გვაქვს თურქეთში. გარდა კაკლისა, ნაკვეთში დაგვხვდა 25 ჰექტარი მოუვლელი თხილის პლანტაცია. სათანადოდ მოვუარეთ და ძალიან გვიხარია, რომ შრომის ნაყოფს უკვე ვხედავთ. ვფიქრობთ, თხილის უხვი მოსავალი გვექნება. მომავალში ნუშის ბაღების გაშენებასაც ვფიქრობთ... მოსახლეობა კეთილგანწყობილია ფერმერების მიმართ, როგორც ამბობენ, ფერმებში დასაქმება მათთვის შემოსავლის წყაროა, ხშირად ერთადერთიც.
გუჯა კობიაშვილი, სოფელ ახაშენის მცხოვრები: "უამრავი მიწა ცდებოდა. რაც უფრო მეტი მიწა დამუშავდება, მით მეტი დასაქმების შანსი გაგვიჩნდება. ხეების დარგვისას 40-50 კაცს დაგვიძახეს, უკმაყოფილო არ დავრჩენილვართ, თან ბევრი ისეთი რამ გავიგეთ, რომ ჩვენი ნაკვეთების დამუშავების დროსაც გამოგვადგება".
ფერმერები პრობლემებზე საუბარს გაურბიან, თუმცა, არ მალავენ, რომ მოუწესრიგებელი შიდა გზები მოწეულ მოსავალს შეუქმნის საფრთხეს. განსაკუთრებით ეს ატმის კულტურას ეხება. გზები ისეთ მდგომარეობაშია, რომ მოსავლის პირვანდელი სახით სოფლამდე მიტანა გაჭირდება. არის სხვა პრობლემაც - ფერმებამდე არ მიდის ელექტროენერგია. ადგილობრივი ხელისუფლება განსაზღვრულ ადგილამდე რომ მიიყვანდეს დენს, შემდეგ ფერმებში ელექტროენერგიას თავად შეიყვანდნენ.
გიორგი მესხიძე: "ჩვენს ჩანაფიქრს აგროსესხით შევასხით ხორცი. სესხი 12%-იანია, ჩვენ მხოლოდ 1%-ს ვიხდით, დანარჩენ 11%-ს სახელმწიფო ფარავს. ვფიქრობთ, ჩანდლერის სანერგე მეურნეობა თავადაც შევქმნათ, რათა ეს კულტურა ყველა მსურველისთვის იყოს ხელმისაწვდომი".
ამერიკული ჯიშის კაკლის ბაღი საქართველოში ახმეტაშიც არის, რომელიც სახელმწიფომ გააშენა, თუმცა, სათანადოდ ვეღარ მოუარა. ვინაიდან ჩანდლერი საქართველოსთვის ინოვაციური ჯიშია და მის მოვლას, მონდომების გარდა, სწავლაც სჭირდება, მომავალში სტუდენტებსაც მიეცემათ ჩანდლერის კაკლის ბაღებში ცოდნის შეძენისა და გაღრმავების შესაძლებლობა.
ნინო ბურჭულაძე
წყარო: გაზეთი ”კვირის პალიტრა”