ქვეყნის მასშტაბით გამართულ სპორტულ, გასართობ, თუ კულტურულ ღონისძიებებზე, რიგ შემთხვევებში, ბილეთების გაყიდვის ექსკლუზივს მხოლოდ Tkt.ge ფლობს. ასე მოხდა, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თამაშებზეც, არ არსებობდა ალტერნატიული პლატფორმა, სადაც ბილეთების შეძენა იქნებოდა შესაძლებელი. შედეგად, კიდევ უფრო გააქტიურდა ბილეთების ე.წ შავი ბაზარი, სადაც 10-ლარიანი ბილეთები 100 ლარადაც კი იყიდებოდა.
ონლაინ ბილეთების რეალიზატორი კომპანიების მხრიდან კონკურენციის პირობების დარღვევა კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტომ ერთხელ უკვე დაადგინა და დააჯარიმა კიდეც, თუმცა, Tkt.ge-მ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
საქმე ეხება კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზრის მოკვლევას, რომლის შედეგად, გასული წლის დეკემბერში სააგენტომ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმება) დარღვევა დაადგინა. შესაბამისად, როგორც მომჩივან, ასევე მოპასუხე მხარეებს - 3 კომპანიას, ჯამურად, 1,6 მილიონ ლარზე მეტი ოდენობით სანქცია დაეკისრათ. კერძოდ: tkt.ge - 544 328 ლარით დაჯარიმდა, biletebi.ge - 5 368 ლარით, კინოთეატრების ქსელი (კავეა, ამირანი, რუსთაველი) - 1 120 562 ლარით.
ამასთან, მოკვლევის შედეგად, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევად შეფასდა შპს ,,სადისტრიბუციო კომპანიას’’ და შპს ,,თინეთს’’ შორის ექსკლუზივის პირობით გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც კინოთეატრების ბილეთების რეალიზების უფლებას მხოლოდ „თინეთის“ მფლობელობაში მყოფ პორტალ tkt.ge-ს აძლევდა. გარიგების მონაწილედ იქნა მიჩნეული მომჩივანი შპს ,,ელ ბილეთები’’, რომელიც თავის მხრივ ცდილობდა ექსკლუზივის მოპოვებას მის მფლობელობაში მყოფ პორტალზე biletebi.ge.
კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტომ, ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზრის გაჯანსაღების მიზნით 3 განსახილველად სავალდებულოდ რეკომენდაცია გასცა. რაც მოიცავდა შემდეგს - ბილეთების ონლაინ რეალიზაციის მიზნით, პარტნიორი ეკონომიკური აგენტების შერჩევის პროცესი განხორციელდეს საჯარო, ღია და ხელმისაწვდომი საკონკურსო პირობების გათვალისწინებით, ხოლო შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება უზრუნველყოფილ იქნას ყველა დაინტერესებული ეკონომიკური აგენტისთვის. ასევე, ბილეთების დისტრიბუტორებმა, ორგანიზატორებმა, ონლაინ რეალიზატორებმა სახელშეკრულებო ურთიერთობები აწარმოონ იმგვარად, რომ ის არ აწესებდეს გაუმართლებელ ბარიერს ბაზარზე შესასვლელად და არ ზღუდავდეს ეკონომიკური აგენტების მონაწილეობას შესაბამის ბაზარზე. ამასთან, გარდაუვალი აუცილებლობით ექსკლუზიური მიწოდების პირობის გამოყენების შემთხვევაში, უნდა იყოს არგუმენტირებულად დასაბუთებული, რომელიც თავის მხრივ, შესაძლებელია სააგენტოს განხილვის საგანი გახდეს.
თუმცა, აღნიშნული ჯარიმა სასამართლოში გასაჩივრდა, შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ონლაინ ბილეთების რეალიზატორი იმ სავალდებულო რეკომენდაციებისგანაც თავისუფალია, რომელიც კონკურენციის სააგენტომ გასცა.
როგორც იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, ყველა შემთხვევაში, მხოლოდ მომხმარებელი ზარალდება. მისი თქმით, უპირველესი გამოსავალი, რომელიც საკითხს ნათელს მოჰფენდა, გამჭვირვალობაა. კერძოდ, რა რაოდენობის ბილეთები გადაეცა რეალიზატორ კომპანიას, სპონსორებს, კონკრეტულ უწყებებს და ა.შ. უნდა გასაჯაროვდეს.
„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებობს კონკურენციის კანონმდებლობა, ეკონომიკური თავისუფლების შესახებ კანონი, კონსტიტუცია და ა.შ ყველაზე მთავარი, ვისაც ყველა ეს კანონი უნდა მოემსახუროს, არიან ამ ქვეყნის მომხმარებლები. ანუ, ის ადამიანები, ვინც უნდა მიიღოს შესაძლებლობა, რომ თავისუფალ გარემოში, შეზღუდვის, უპირატესობის, ნაცნობობის, ჩაწყობის, კორუფციის გარეშე, თავისი კულტურული, ეკონომიკური, თუ სოციალური პირობები დაიკმაყოფილოს. ამის ერთ-ერთი სამწუხარო გამოვლინება არის ფეხბურთის მაყურებლად მომხმარებლის შეზღუდვა იმ ნაწილში, რომ ვერავინ ვეღარ გაერკვა რა და როგორ არის.
რაც შეეხება უშუალოდ კონკურენციის საკითხს, რომელიც biletebi.ge-სა tkt.ge-ს შორის წარმოიქმნა, აქ მოხდა ისე, რომ კონკურენტული უპირატესობა ჩამოყალიბდა და biletebi-ge-მ მიმართა კონკურენციის სააგენტოს. მოკვლევის შედეგად გაუქმდა უპირატესი რეალიზაციის შესაძლებლობები და კონკურენტული გადანაწილების რეკომენდაცია გაიცა. თუმცა, ეს გასაჩივრდა და ახლა ყველაფერი გადაიზარდა იმ ქართულ მარაზმში, რაც ქვეყანაში ყველა მომხმარებელს აწუხებს წლების განმავლობაში. ეს არის სასამართლოს უსისტემობა, სადაც მიუხედავად იმისა, რომ კონკურენციის სააგენტოს ჩართულობა არის, დავა ისევ მიმდინარეობს და ამ დროს მომხმარებელმა რა დააშავა?! ეს ყველა პრობლემა პირდაპირ უკავშირდება სახელმწიფოს.
გარდა ამისა, კარგად მოგეხსენებათ, რომ ბანკებთან მიმართებით, წლებია არსებობს პრობლემა, ისინი სარგებლობენ ასეთი შეზღუდული კონკურენციით. ერთი ბანკი არის საქართველოს ეროვნული ნაკრების სპონსორი, შესაბამისად, მოგეხსენებათ, მათ თავისი წილი ბილეთების მოთხოვნის უფლება აქვთ, მეორე არის უშუალოდ tkt.ge-ს სპონსორი და ცხადია, მასაც უპირატესობა აქვს და შესაბამისად, ბილეთების გარკვეული რაოდენობა მიაქვს. პრობლემის გადასაჭრელად, პირველი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ისევე როგორც კულტურის სამინისტრომ (ვინც კურირებს კონკრეტულ სპორტულ თუ კულტურულ ღონისძიებებს), თავის თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გამჭვირვალედ გამოაქვეყნოს, რა რაოდენობა ბილეთები გადაეცა ბილეთების გამყიდველ ადმინისტრატორს, ამ შემთხვევაში tkt.ge-ს. აქ ეს კომპანია აუცილებლად დაიწყებს თავის მართლებას და იტყვის, რომ აქ მე არაფერ შუაში ვარ. ჩვენ არ ვითხოვთ, კონკრეტული სახელების და გვარების გასაჯაროებას, არ ვარღვევთ პერსონალურ მონაცემების შესახებ კანონს, ჩვენ ვამბობთ, ბილეთები როგორ განაწილდა, რა რაოდენობა წავიდა, პირობითად, ბერძენი გულშემატკივრებისთვის, რა რაოდენობა დარჩა ქართველ მაყურებელს, რა რაოდენობა გადანაწილდა tkt.ge-ზე, რამდენი წაიღეს სპონსორებმა, სახელმწიფო უწყებებმა და ა.შ. ამასთან, უნდა ვიცოდეთ, კონკრეტულ სპონსორებთან, თუ უწყებებთან დაკავშირებულ პირებთან რამდენი წავიდა, ესეც უნდა იყოს საჯარო. ანუ, მათთვის დარიგებული ბილეთები, რატომ არ მოხვდა ბილეთების საიტზე და რატომ არ გაიყიდა? რატომ არ მიეცა კონკურენტული შესაძლებლობა ჩვეულებრივ მოქალაქეებს? ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ფედერაციის მიერ უზრუნველყოფილი ის პროცესი, რომელიც მომხმარებლის და გულშემატკივრის უფლებებს აზარალებს“,- ამბობს აკაკი ჩარგეიშვილი.