საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თამაშებმა, კიდევ უფრო გამოკვეთა ე.წ შავი ბაზრის პრობლემა, სადაც გადამყიდველების მხრიდან ბილეთები კოლოსალურ თანხებად იყიდებოდა. მით უფრო მაშინ, როდესაც, ონლაინ ბილეთების რეალიზატორ პლატფორმაზე, ერთ მომხმარებელს მხოლოდ 4 ბილეთის შეძენა შეეძლო, სხვადასხვა ჯგუფებში კი თითოეული პირი ასობით ბილეთს ყიდდა. იმაზე აღარც არის საუბარი, თუ რამდენად რთული იყო ბილეთების შეძენა, რიგი ასიათასობით ადამიანს ითვლიდა.
იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ როდესაც 300 000 ადამიანი რიგში დგას და ამ დროს ე.წ შავ ბაზარზე გასაყიდად უკვე ასობით ბილეთი გამოდის, ეს არა გადაცდომა, არამედ კრიმინალია.
„თუ გამოქვეყნდება ბილეთების გადანაწილების შესახებ გამჭვირვალე ანგარიში, რამდენი გადაეცა სპონსორებს, ბილეთების რეალიზატორს, უწყებებს, მათთან დაკავშირებულ პირებს, დიდი ალბათობით, კანონმდებლობის სავარაუდო გადაცდომები და დარღვევები დაფიქსირდება. ამას უკვე უნდა მოჰყვეს რეაგირება. პირდაპირ დავასახელებ ბილეთების ფასებს შავ ბაზარზე, 700, 800 ლარი და ეს ბილეთები იყიდება ონლაინ. შეიძლება, ეს არის თაღლითობა. სწორედ ამიტომ, აკისრია პასუხისმგებლობა სახელმწიფოს და ამას ვერსად გავექცევით, ფედერაცია თავიდან ბოლომდე დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ, ბიუჯეტის მიერ, შესაბამისად, პროცესი, რომელიც ჩამოვიდა მომხმარებლამდე, ამ ურთიერთობებში უნდა ყოფილიყო გამჭვირვალე და რეალური. ამიტომ, ეს უნდა დავიდეს იქამდე, რომ აქ რაიმე კრიმინალური ნიშნები არის თუ არა, გამოვლინება აუცილებლად მოხდეს. სხვა შემთხვევაში, ჩვენ უკვე გავიარეთ ლუქსემბურგთან თამაში და იქაც ანალოგიური სიტუაცია იყო, არ გავითვალისწინეთ ბევრი რამ, შესაბამისად, იგივე და უფრო უარეს ვითარებაში აღმოვჩნდით საბერძნეთთან თამაშის წინა პერიოდში. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ და სოციალურ ქსელებში, ბილეთები ონლაინ იყიდება. ამიტომ, ისმის კითხვა, საიდან? ამას რომ გავცეთ პასუხი, აუცილებლად გვჭირდება გამჭვირვალე ანგარიში, რათა ყველა მომხმარებელმა ნახოს, რასთან გვაქვს საქმე და ვის ხელში რამდენი ბილეთი წავიდა.
ვიცით, რომ ასეთ რამ ხდება ბაზარზე და პრევენცია არ მოახდინა სახელმწიფომ, ესაა აქ მთავარი. თორემ შავი ბაზარი არსებობს და იარსებებს, მაგალითად, ვიღაც ვეღარ მიდის, ვიღაცას 1-2 ბილეთი ზედმეტი აქვს და ინდივიდუალურად 1 და 2 ბილეთი გამოვიდეს, მაგრამ ასე მასიურად, როდესაც 300 000 ადამიანი რიგში დგას და შენ ასობით ბილეთს შავ ბაზარზე ყიდი, ეს უკვე გადაცდომაზე მეტი და კრიმინალია“,- ამბობს აკაკი ჩარგეიშვილი.