EastFruit-ის ანალიტიკოსთა ინფორმაციით, 2024 წლის მარტში საქართველოს ბაზარზე მაროკოდან ჰასის ჯიშის ავოკადოს პირდაპირი საბითუმო მიწოდება განხორციელდა. აღნიშნული პროდუქტის რეალიზაცია ერთ-ერთ სუპერმარკეტში ხდება და ერთი კილოგრამი 4,8 დოლარი ღირს.
ეს ფაქტი ნამდვილ გარღვევად შეფასდა, რადგან ქვეყანაში არსებული თურქული ავოკადოს ფასი 6,5-დან 7 დოლარამდე მერყეობს. ამასთან, მაროკოს პროდუქტი პრემიუმ ჰასის ჯიშის მწიფე ავოკადოა, თურქული კი - მწვანე.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მაისსა და აგვისტოში, კენიიდან ავოკადოს პირველი პირდაპირი მიწოდება საქართველოში განხორციელდა, რამაც შესაძლებელი გახადა ფასების შემცირება და მომხმარებელთა ყურადღების მიქცევა ბაზრის ამ სეგმენტზე.
2023 წელს საქართველომ ავოკადოს იმპორტი 80%-ით გაზარდა და იმპორტის მოცულობამ პირველად 1 500 ტონას გადააჭარბა.
რაც შეეხება 2024 წლის სტატისტიკას, წელს ორ თვეში (მარტის მონაცემები მოგვიანებით გამოქვეყნდება) ქვეყანაში შემოვიდა 622.86 ათასი დოლარის ღირებულების 355.62 ტონა ავოკადო, საშუალო ფასი კილოგრამზე 1.85 დოლარად.
ამ ფონზე ადგილობრივმა კომპანიებმა მისი საქართველოში მოყვანაც კი სცადეს, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან სითბოს მოყვარული კულტურისთვის ზამთარი საქართველოში ზედმეტად ცივია.