როგორია მინისტრების მრჩევლების ანაზღაურება საქართველოში - რომელ სამინისტროებში არ ყავთ მრჩევლები

პარლამენტის წევრმა ხატია დეკანოიძემ მთავრობის ადმინისტრაციიდან და სხვადასხვა სამინისტროებიდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი მრჩეველი ყავთ მინისტრებს და როგორია მათი ანაზღაურება.

სადეპუტატო კითხვის პასუხად, გარკვეული უწყებები არ ასახელებენ მრჩევლების ვინაობას და ანაზღაურებას, რადგან ეს პერსონალური ინფორმაციაა. ამ ეტაპზე, მრჩევლების ანაზღარების შესახებ ინფორმაცია დეპუტატს მიაწოდა ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა.

კერძოდ, მათი ინფორმაციით, ორივე უწყებაში ორ-ორი მრჩეველი ყავთ მინისტრებს და მათი თანამდებობრივი სარგო ჯამურად შეადგენს 9 782 ლარს ეკონომიკის სამინისტროში; ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში - 10 108 ლარს.

რაც შეეხება დეპუტატისთვის გაგზავნილ პასუხებს, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრს ჰყავს ხუთი მრჩეველი: საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში; საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში; საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში;

საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ჰყავს ერთი მრჩეველი, რომლის ფუნქციებშიც შედის - საგადასახადო დავების განხილვის სისტემის რეფორმის კონცეფციისა და შესაბამისი კანონპროექტის მომზადება; საგადასახადო დავების განხილვის სისტემის მუდმივი სრულყოფის მიზნით საქართველოს ფინანსთა მინისტრისთვის პერიოდულად წინადადებების წარდგენა; მინისტრის სხვა დავალებების შესრულება;

იუსტიციის მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, დასაქმებულია მინდია უგრეხელიძე. მის ფუნქციებს წარმოადგენს მინისტრისთვის დარგობრივი დანიშნულების მეცნიერული რჩევების მიცემა და ინტელექტუალური დახმარების გაწევა;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ჰყავს ორი მრჩეველი, მათი თვის თანამდებობრივი სარგო ჯამურად შეადგენს 9 782 ლარს (დარიცხული ოდენობა);

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულია ორი თანამშრომელი, რომელთა ყოველთვიური დარიცხული თანამდებობრივი სარგო ჯამში შეადგენს 10 108 ლარს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილი მონაცემების თანახმად, საქართველოს თავდაცვის მინისტრს, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მრჩევლის თანამდებობაზე დასაქმებული არავინ ყავთ.

პარლამენტში "ევროოპტიმისტების" წევრს ხატია დეკანოიძეს მრჩევლების შესახებ ინფორმაცია ასევე გამოთხოვილი აქვს შინაგან საქმეთა, კულტურისა და სპორტის, საგარეო საქმეთა სამინისტროებიდან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდანაც, თუმცა, მათგან ჯერ პასუხი არ აქვს მიღებული.