საქორწილო კაბების ფასი 800 ლარიდან იწყება და ზოგჯერ 15 ათას ლარამდე მერყეობს
ქორწილისთვის თითქმის ყველა გოგონა განსაკუთრებულად ემზადება. ბევრი მათგანი ჯერ კიდევ ბავშვობიდან ფიქრობს, როგორი საქორწილო კაბა უნდა ჩაიცვას. თბილისში საქორწილო კაბების უამრავი სალონი არსებობს, თუმცა მომხმარებელი პრიორიტეტს ცნობილ და სანდო ბრენდებს ანიჭებს. საქორწილო კაბების ფასი 800 ლარიდან იწყება და ზოგჯერ 15 ათას ლარამდე მერყეობს.
კომპანია "მარი გოლდი", რომელიც უცხოელი დიზაინერების კოპირებას არ ახდენს, მომხმარებელს კაბის ექსკლუზიურ დიზაინს სთავაზობს, რის გამოც კაბის ფასი ორმაგდება. ფასზე გავლენას ახდენს ასევე მასზე მუშაობისას დახარჯული დრო, ქსოვილის ხარისხი და ძვირფასი თვლები.
გთავაზობთ ხუთ ყველაზე ძვირად ღირებულ კაბას, რომელიც თბილისის საქორწილო კაბების სალონში იყიდება.
მედეა გლოველი ("მარიონელას" თბილისის მაღაზიის ხელმძღვანელი): "ჩვენს მაღაზიაში ამ ეტაპზე ყველაზე ძვირად ღირებული კაბა 10 000 ლარი ღირს. კაბის ფასი მასზე დახარჯული მასალისა და დროის მიხედვით განისაზღვრება. ზოგიერთ კაბაზე მუშაობა ერთ თვეს მოითხოვს. "მარიონელა" 20 წელია ბაზარზეა და წამყვანი ბრენდი ვართ. 8 დიზაინერი გვყავს, რომლებიც საკუთარი ხედვით ქმნიან საქორწილო კაბებს, ასევე ითვალისწინებენ თანამედროვე ტენდენციებს. ყველაზე ძვირად ღირებული კაბა ცოტა ხნის წინ გავყიდეთ 12 000 ლარად, ეს იყო კერძო შეკვეთა".
თამრიკო ნადირაძე ("მარი გოლდის" ხელმძღვანელი):
"ამ ეტაპზე ყველაზე ძვირად ღირებული კაბა ჩვენს სალონში 6500 ლარი ღირს. კაბაში ფრანგული მაქმანებია გამოყენებული და ხელით არის შექმნილი. კაბის ფასზე მოქმედებს საავტორო უფლებები. რაც იმას ნიშნავს, რომ დამკვეთის სურვილის შემთხვევაშიც კი, მეორე ასეთ მოდელს არ ვქმნით. თუ საავტორო უფლებებით გავყიდით ამ კაბას, მისი ფასი 17 000 ლარი იქნება. ძირითადად უცხოელებს აქვთ ასეთი მოთხოვნები"."ლა ბონერის" დირექტორის, ირენ შავდიას თქმით, მათ სალონში ყველაზე ძვირად ღირებული კაბა 4 500 ლარი ღირს და ეს არის დახურული კაბა, გიპიურით შექმნილი, რაც აძვირებს მის ფასს.
თინათინ მაღალაშვილი (დიზაინერი):
"ყველაზე ძვირად ღირებული საქორწილო კაბა ჩვენს მაღაზიაში 2800 ლარი ღირს. ეს კაბა მაღალი მოდის კვირეულზე მქონდა გატანილი ჩეხეთში. ეს არის ხელით ნამუშევარი, ადრე უფრო იყო ძვირადღირებულ კაბებზე მოთხოვნა, ითხოვდნენ სვაროვსკისა და მარგალიტის თვლებით გაწყობილ კაბებს".ზიზი ტატიშვილი ("ზიზის" ხელმძღვანელი):
"ქორწილების ბუმი დასრულებულია, თუმცა ძვირად ღირებული კაბები გვაქვს მაღაზიაში. ამ ეტაპზე ყველაზე ძვირადღირებული კაბა ჩვენს სალონში 2500 ლარი ღირს. ეს არის სვაროვსკის თვლებით აწყობილი კორსეტი, რომელიც ხელითაა ნამუშევარი. ამიტომაც ღირს ასე ძვირი, თუმცა ნაკლებ ფასად ღირებული კაბებიც გვაქვს".თამარ ბოჭორიშვილი