4 თვეზე მეტია თბილისში დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის მოძრაობა პიკის საათებში კონკრეტულ ქუჩებზე აკრძალულია. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რამდენად ეფექტური აღმოჩნდა გადაწყვეტილება და განიტვირთა თუ არა სატრანსპორტო მოძრაობა დედაქალაქში.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე აცხადებს, ცივილიზებულ სამყაროში დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტს გარკვეული საათები აქვს სამოძრაოდ, რათა ქალაქი არ ჩახერგონ. მისი თქმით, აღნიშნულ შეზღუდვას აქვს თავისი ეფექტი, თუმცა ისეთი საცობების პირობებში, როგორიც დედაქალაქშია, შედეგი იმდენად მიზერულია, რომ ფაქტობრივად, არ ჩანს.
„ცივილიზებულ სამყაროში დიდი გაბარიტების მანქანებს თავისი განსაკუთრებული საათები აქვთ იმიტომ, რომ ქალაქი არ ჩახერგონ. ეს გარკვეულ ეფექტს იძლევა, მაგრამ დიდ სურათთან იმდენად მიზერული შედეგია, რომ არც ჩანს. თუ ვინმეს მართლა უნდა, რომ საცობები არ იყოს ამ ქალაქში, მაშინ ამისთვის საჭიროა ბევრი სხვა სვლის გაკეთება, რომ საბოლოო სურათი მიიღო. მაგალითად, თუ გინდა, რომ კალაპოტი მისცე წყალს, ერთ კუთხეში უნდა მიიმწყვდიო და ნელ-ნელა გაუშვა. ასეა საცობების შემთხვევაშიც“, - განაცხადა მევლუდ მელაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ თბილისის მერიის მიზანი საცობების გაქრობა არ არის, ეს დამოკიდებულება კი ჩანს არაერთხელ გაჟღერებულ პოზიციაში, რომ ხალხი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე უნდა გადაჯდეს. მელაძემ აღნიშნა, რომ თუ რეალური სურვილი არსებობს იმისა, რომ ქალაქში გადატვირთული მოძრაობის პრობლემა გადაიჭრას, რიგი ნაბიჯებია გადასადგმელი, მაგალითად: გამჭოლი გზების შექმნა (შუქნიშნის და შემაფერხებლის გარეშე), საპარკინგე სივრცეების მოწყობა და ქალაქდაგეგმარების საკითხების მოგვარება.
„საცობების გაქრობა არ არის მერიის მიზანი. ისინი ამბობენ, რომ თუ არ გინდათ საცობი, გადმოდით საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. არის პერიოდულად მოკლევადიანი გადაწყვეტილებები, ასე ხომ არ გავაკეთოთ, ის ხომ არ შევცვალოთ, რეალურად კი, დაგეგმილი არ არის მოქმედებები. ეს რომ დაგეგმილი ყოფილიყო, იქნებოდა პროექტში, რომ ამა და ამ პერიოდის შემდეგ კონკრეტულად ამ ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს, დასაგეგმი ცვლილებები როგორი იქნებოდა და ა.შ. ეს დღეს ასე არ არის“, - დასძინა საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, თბილისში დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვები ამოქმედდა. შეზღუდვა ძალაშია M3 (ავტობუსი, 5 ტონაზე მეტი), N2 (სატვირთო, 3.5-დან 12 ტონამდე) და N3 (სატვირთო, 12 ტონაზე მეტი) კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის 08:00-11:00 და 17:00-20:00 საათების შუალედში.
აკრძალვა მოქმედებს მხოლოდ იმ მონაკვეთებში, სადაც პიკის საათებში ტრანსპორტის დიდი ნაკადებია. კერძოდ, ქეთევან დედოფლის გამზირზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდისა და იუსტიციის სახლის ტერიტორიაზე; წერეთლის გამზირზე, ვაკე-საბურთალოს ცენტრალურ ქუჩებზე და ა.შ.
რეგულაცია არ ვრცელდება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე; საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე (სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი); მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე.
ცნობისთვის, დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვების დარღვევისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმდებიან, ხოლო განმეორებით და ყოველ შემდგომ შემთხვევაზე - 3000 ლარით.