„ქვეყანას თუ დაუწესებენ სანქციებს, მაშინ ყველა დავიღუპებით“ - ასე ეხმაურება ბიზნესმენი თემურ ჭყონია რამდენიმე საათის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ დაანონსებულ სანქციებს ქართველი პოლიტიკოსების მისამართით.
როგორც თემურ ჭყონიამ „ბინზესპრესნიუსთან“ ისაუბრა, ამ ეტაპზე რა ინფორმაციასაც ის ფლობს, ბიზნესს რაიმე საფრთხე არ ემუქრება.
„სანქციები ვისაც დაუწესდება, იმათი პრობლემაა, ბიზნესზე ამ ეტაპზე სანქციები არ აისახება, რადგან ამჯერად პიროვნული სანქციებია და არა ქვეყნის.
თუმცა, აქ მეორე უფრო მნიშვნელოვანი საკითხია - უნდა დაძლიოს თუ არა ხელისუფლებამ ვეტო? ჩემი, როგორც ბიზნესის წარმომადგენლის აზრით, ეს კანონი ქვეყნის განვითარებას არ უწყობს ხელს. როდესაც ვენეციის კომისიის დასკვნაში ასეთმა მნიშვნელოვანმა პოლიტიკოსებმა და ანალიტიკოსებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია კანონთან დაკავშირებით და ამის გარშემო მაინც მიმდინარეობს მსჯელობა, რომ აუცილებლად უნდა მიიღონ, ჩემი, როგორც რიგითი მოქალაქის პოზიციაა, რომ ეს კანონი არაფერში გვჭირდება.
ასევე მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ სახელწიფოებია ჩარეული ამ კანონის არმიღებასთან დაკავშირებით და სანქციებს უწესებენ პოლიტიკოსებს, მათ ოჯახის წევრებს. ქვეყანას თუ დაუწესებენ სანქციებს, მაშინ ყველა დავიღუპებით, არათუ ბიზნესი. ამიტომ, ეს კანონი არ უნდა მიიღონ, უნდა გაითვალისწინონ საზოგადოების აზრიც, ქვეყნის მომავალიც და იმ სერიოზული პოლიტიკოსებისა და სახელმწიფოების აზრიც, რომლებიც ამ კანონს ღიად ეწინააღმდეგებიან“, - ამბობს ჭყონია.
მისივე თქმით, კონკრეტული დეპუტატების კომენტარები მოისმინა სანქციებთან დაკავშირებით, თითქოს ისინი ამ განსაცდელსაც გაუძლებენ.
„კონკრეტული დეპუტატი თუ გაუძლებს, ქვეყანა ვერ გაუძლებს ამ ყველაფერს, ამიტომ აჯობებს, რომ მათ საკუთარ თავზეც იფიქრონ, საკუთარი შვილების მომავალზე და ქვეყნის მომავალზეც იფიქრონ. დეპუტატს შეუძლია, რაც უნდა ის გაუკეთოს თავის ცხოვრებას, მაგრამ ეს ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მომავალზე არანაირად არ უნდა აისახოს“ - განაცხადა თემურ ჭყონიამ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს.
“სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აღკვეთაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით, - ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.