საქართველოში უცხოელებისთვის აზარტულ თამაშობებში ჩართვა მარტივდება

საქართველოში უცხოელებისთვის აზარტულ თამაშობებში ჩართვა მარტივდება. ამის შესახებ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონის“ წინა რედაქციით, ისეთი სახის საქმიანობაზე, როგორიცაა: წამახალისებელი გათამაშება, სამორინე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობები, ტოტალიზატორი, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობები, სათამაშო აპარატების სალონი, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობები, ლოტო, ბინგო, აზარტული კლუბი, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშები, არსებობდა გარკვეული შეღუდვები, თუმცა, ნებართვის გაცემა მარტივდება.

ამასთან, ცვლილებების მიხედვით, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ერთი ნებართვით დასაშვებია არაუმეტეს ორი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდების ორგანიზება, საიდანაც ორი ინტერნეტდომენისა და ვებგვერდის არსებობის შემთხვევაში, ერთი ინტერნეტდომენი და ვებგვერდი გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ხოლო მეორე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის.

„მხოლოდ ერთი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზების შემთხვევაში აღნიშნული შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ან მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის“,- ვკითხულობთ კანონპროექტში.

როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია, "მოაწესრიგოს სანებართვო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები, იმ მიზნით რომ, ხელი შეეწყოს სანებართვო პირობების დაზუსტებას. კერძოდ, ეფექტური მონიტორინგის, გამჭვირვალობისა და აღრიცხვიანობის (კონტროლის ელექტრონულ სისტემაში ინფორმაციის გენერირების გამარტივება) მიმართულებით, რაც მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ბაზის თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანისათვის".

ამასთან, ინიციატორების განმარტებით, "კანონპროექტის მიღებით გაიზრდება ერთი მხრივ საქართველოში ნებართვის მაძიებელთა რიცხვი, ხოლო მეორე მხრივ - არსებული ნებართვის მფლობელების მიერ სისტემურ-ელექტრონულიფორმით ორგანიზებულ თამაშობებში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეების რაოდენობა".

ცნობისთვის, კანონპროექტის ავტორები არიან, დეპუტატები: დავით სონღულაშვილი, ირაკლი კირცხალია, ბეჟან წაქაძე და გოჩა ენუქიძე.

ნინი ქეთელაური