AK-Air Georgia-ს შიდა ფრენების განხორციელებისთვის ხელშეკრულება კიდევ ერთხელ გაუხანგრძლივდა

შიდა ფრენებზე AK-Air Georgia-ს ხელშეკრულება კიდევ ერთხელ, ამჯერად 2024 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს.

ცნობისთვის, 2024 წლის აპრილის დასაწყისში აეროპორტების გაერთიანებამ შიდა ფრენებზე 23.2-მილიონიანი 2 ტენდერი გამოაცხადა. ტენდერების თანახმად, იგეგმებოდა მესტია-ბათუმის, ქუთაისი-თბილისისა და თელავი-ბათუმის მიმართულებით ფრენების დამატებაც.

წინადადებების მიღება 2 მაისიდან დაიწყო და 7 მაისს დასრულდა. თუმცა ტენდერი ჩაიშალა, იქიდან გამომდინარე, რომ მასში მონაწილეობის სურვილი არც ერთმა ავიაკომპანიამ არ გამოთქვა.

შეგახსენებთ, ამჟამად საქართველოში შიდა ფრენებს ძირითადად AK-Air Georgia ახორციელებს. აღნიშნულ კომპანიას ხელშეკრულება 2018 წელს 4 წლის ვადით გაუფორმდა. მოგვიანებით მთავრობის დადგენილებით ხელშეკრულების ვადა რამდენჯერმე დაკორექტირდა.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში „ბიზნესპრესნიუსს“ 2024 წლის აპრილში განუცხადეს, AK-Air Georgia-სთან დადებული ხელშეკრულება მიმდინარე წლის მაისის ბოლომდე იქნებოდა ძალაში. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, AK-Air Georgia-ს ხელშეკრულების ვადა 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაუხანგრძლივდა.

მერი ტაბატაძე