2024 წლის 1-ელ ივნისამდე დამსაქმებლის ან დასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანების დარღვევისთვის 220 პირი დაჯარიმდა. საანგარიშო პერიოდში ჯამში აღნიშნული პირების მიმართ 110 ათასი ლარის ჯარიმა გამოიწერა.
ამის შესახებ ვკითხულობთ „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისამდე თითქმის იმავე რაოდენობის პირი დაჯარიმდა, რამდენიც გასულ წელს მთლიანად. უფრო კონკრეტულად, 2023 წელს საპენსიო შენატანების დარღვევისთვის 223 პირის მიმართ 113 500 ლარის ჯარიმა გამოიწერა.
მოცემული ჯარიმები გამოწერილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 165 (11) მუხლის პირველი და მეორე ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს დამსაქმებლის ან დასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევას. ჯარიმა განსაზღვრულია 500 ლარის, ხოლო განმეორებით შემთხვევაში 1 000 ლარის ოდენობით.
შეგახსენებთ, რომ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის მონიტორინგი და დაჯარიმების ფუნქციები 2024 წლის 1-ლი ივნისიდან შემოსავლების სამსახურიდან საპენსიო სააგენტოს უფლებამოსილების ქვეშ გადავიდა. ამასთან ერთად, ცვლილებებამდე არ არსებობდა დარღვევის შემთხვევაში აღსრულების მექანიზმები, ახლა კი პროცესში აღსრულების ეროვნული ბიუროც ჩაერთვება.
იხილეთ ასევე: ათასობით კომპანია საპენსიო შენატანებს დარღვევით ან საერთოდ არ ახორციელებს - საპენსიო სააგენტო