„ფოსტის სახელით მოსული SMS გვატყობინებს, თითქოს ჩამოგვივიდა ამანათი“ - როგორია კიბერთაღლითობის ახალი სქემები

გახშირებულ კიბერთაღლითობის შემთხვევებთან დაკავშირებით, „საზოგადოება და ბანკები“ ორ ძირითად სქემაზე ავრცელებს ინფორმაციას.

ორგანიზაციის განმარტებით, პირველი სქემა შეეხება სხვადასხვა სოციალურ ქსელში რეკლამებს, სადაც მცირე ინვესტიციით მომხმარებლებს დიდ ამონაგებს ჰპირდებიან, ან დასაქმებას სთავაზობენ. ასევე, ადამიანებს უკავშირდებიან სოციალური ქსელით, სხვადასხვა აპლიკაციებით (Whatsapp, Viber, Messenger, Telegram) და ცდილობენ დაარწმუნონ, რომ განახორციელოს ინვესტიცია, ივაჭროს სხვადასხვა აქციებით ან აქტივებით, ასევე სთავაზობენ კრიპტო ბირჟაზე ვაჭრობას დიდი მოგების დაპირებით. ამისთვის კი ურჩევენ აპლიკაციის დაყენებას.

„მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ვერ შეასრულებს რამეს დისტანციურად, სთავაზობენ „ენიდესკის“ ან სხვა მსგავსი აპლიკაციის დაყენებას, რომლის საშუალებითაც თითქოს უნდა დაეხმარონ. ეს პროგრამა ძირითადად არის Anydesk, თუმცა შესაძლებელია იყოს სხვაც. მომხმარებელი იწერს აპლიკაციას, რის შედეგადაც ფაქტობრივად, თაღლითს აძლევს მის მოწყობილობაზე წვდომას. იყო შემთხვევები, როდესაც მომხმარებლები დაგვიკავშირდნენ და მოგვიყვნენ, რომ უყურებდნენ მათსავე მოწყობილობაში როგორ იაქტიურებდა კიბერთაღლითი სესხს ან რიცხავდა თანხას. არის შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს არწმუნებენ, რომ გადარიცხვას თვითონვე აკეთებენ და შემდეგ, როცა ვერ იღებენ ამონაგებს, მერე ხვდებიან, რომ თაღლითობის მსხვერპლი გახდნენ. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც აშანტაჟებდნენ და ისე არიცხინებდნენ თანხას“, -აღნიშნულია „საზოგადოება და ბანკების“ მიერ გავრცელებულ განმარტებაში.

რაც შეეხება მეორე სქემას, საუბარია, ფოსტის სახელით მოსულ სმს-ზე, რომელიც გვატყობინებს, რომ თითქოს ჩამოგვივიდა ამანათი და გარკვეული უზუსტობა იყო. მისი დაზუსტების მიზნით კი სთხოვენ, სმს-ში არსებულ ბმულზე გადასვლით გამოასწორონ ეს უზუსტობა.

„აქ კი 2 ვერსიაა: ბმულზე გადასვლით მიჰყავხართ ბარათების მონაცემების შეყვანამდე, ან დისტანციური არხის მონაცემების შეყვანამდე. სმს-ები მოდის სხვადასხვა ნომრიდან. საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ებმება ამ მახეში. ვინაიდან, რეალურადაც შესაძლოა, რამე გამოწერილი გვქონდეს იმ პერიოდში და სხვა დეტალებს აღარ დავაკვირდეთ“,- წერს ორგანიზაცია.

„საზოგადეობა და ბანკების“ რჩევებია:

1. არ გადმოწეროთ აპლიკაციები სხვისი დავალებით, მითუმეტეს, ისეთი აპლიკაციები, რომელიც საშუალებას აძლევს თაღლითს, შემოვიდეს თქვენს მოწყობილობაში;

2. არ მისცეთ წვდომა თქვენს მოწყობილობაზე არავის;

3. დიდ კომპანიებში დასაქმების დაპირების შემთხვევაში, აუცილებლად გადაამოწმეთ, რამდენად რეალურია შემოთავაზება;

4. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ დაუჯერებლად მიმზიდველ შეთავაზებას, რაც დიდი ალბათობით ყალბია. ამ მიმზიდველი შეთავაზების შემდეგი ეტაპია აპლიკაციის გადმოწერისა და ეკრანის გაზიარების მოთხოვნა;

5. არ ენდოთ საეჭვო ნომრიდან გამოგზავნილ შეტყობინებას ამანათის შესახებ და გადაამოწმეთ ინფორმაცია თქვენს გადამზიდავ კომპანიასთან;

6. არ გახსნათ საეჭვო ბმული და არ შეიყვანოთ თქვენი ბარათის ან დისტანციური არხის მონაცემები.

ნინი ქეთელაური