მიმდინარე ტურისტულ სეზონზე თუშეთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა, თუმცა, საავტომობილო გზის შიშიდან გამომდინარე ბევრი მსურველი თავს იკავებს იქ მოგზაურობისგან. ტუროპერატორები კი ხშირად აღნიშნავენ, რომ თუშეთისკენ გზა, სიმაღლის მიუხედავად, სახიფათო არ არის და გამოცდილ მძღოლთან ერთად მგზავრობა ტურის უსაფრთხოებას განაპირობებს.
როგორც „ბიზნესპესნიუსთან“ ტურისტული კომპანია „ჯეო მეგზურის“ ხელმძღვანელმა ლევან ენუქიძემ განაცხადა, დიდუბის სადგურიდან ბათუმის მიმართულებით დიდი სიჩქარით მოძრავი მიკროავტობუსით მგზავრობა ბევრად დიდი საფრთხის შემცველია, ვიდრე დაბალი სიჩქარით თუშეთის გზაზე მოძრაობა. შესაბამისად, თუშეთის ნახვის მსურველებს, გზის სირთულის არ უნდა ეშინოდეთ.
„ჩემი აზრით, დიდუბის სადგურიდან ბათუმისკენ მგზავრობა მიკროავტობუსებით, ბევრად უფრო სახიფათოა, ვიდრე თუშეთში წასვლა. თუშეთში გზები წესრიგდება, ფართოვდება და უკვე არის გაფართოებული გზა, რომელზეც მანქანებს ერთმანეთისთვის გვერდის ავლის საშუალება აქვთ.
ამ გზაზე მოძრაობა ხდება დაბალი სიჩქარით, 20-30 კმ/სთ-ით. აქედან გამომდინარე, თუშეთში ვინც მიდის, ყველა გამოცდილი მძღოლია. თუშეთში გამოუცდელი ადამიანი არ წავა. შესაბამისად, ავტობანზე 150-170 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი მიკროავტობუსით მგზავრობა უფრო საშიშია, ვიდრე თუშეთში წასვლა. ამიტომ, შემილია ვთქვა, რომ არა მარტო ტუროპერატორების, არამედ დელიკების მძღოლებიც, ძალიან გამოცდილები არიან და მაღალი პასუხისმგებლობა აქვთ.
რამდენიმე წლის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა „ფეიკ“ ფოტოები, თითქოს თუშეთში ძალიან დახრილი და სახიფათო გზაა, რაც საზოგადოებამ გარკვეულწილად რეალობად აღიქვა და ეს სიმართლე არაა“,- აღნიშნა ლევან ენუქიძემ.