საქართველოში ელექტრომობილის 300 სწრაფი დამტენი დამონტაჟდება - სად განთავსდება

საქართველოში 300 სწრაფი დამტენი დამონტაჟდება - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია „და-ტენეს“ დამფუძნებელმა დავით შვანგირაძემ განუცხადა.

პროექტში 1.3 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. როგორც კომპანიაში განმარტეს, პირველი დამტენები ქვეყანაში მიმდინარე თვის ბოლოს შემოვა. ოქტომბრიდან კი დაგეგმილია აპლიკაციის გაშვება, რის საშუალებითაც მომხმარებლები დამტენების ადგილმდებარეობის მოძებნას შეძლებენ.

„პირველ ეტაპზე 300 სწრაფი დამტენი დამონტაჟდება ქვეყნის მასშტაბით, მეგავატ-ნახევრის სიმძლავრის დამტენები თვის ბოლოს საქართველოში შემოვა, ოქტომბრის დასაწყისში გაეშვება აპლიკაცია და მომხმარებელს სწრაფი დამტენებით ავტომობილის დამუხტვა შეეძლება“, - აღნიშნავს შვანგირაძემ.

დამტენების სიმძლავრე 60 კილოვატიდან 240 კილოვატამდე იქნება. როგორც შვანგირაძემ აღნიშნა, სწრაფი დამტენების დამონტაჟება ძირითადად ტურისტულ ადგილებში იგეგმება.

„ვცდილობთ, რომ ლოკაციები ავიღოთ ისე, რომ დავფაროთ ტურისტული ზონები, რადგან ძალიან რთულია რეგიონში გასვლა ელექტრომობილით. საკმაოდ პოპულარული გახდა ელექტრომობილები, მაგრამ რადგან სწრაფი დამტენების ნაკლებობა გვაქვს, ხალხს შესაძლოა, ჰყავდეს ელექტრომობილი, მაგრამ დიდ მანძილზე გასვლისგან თავს იკავებდეს. შიშის ფაქტორი გვაქვს, რომ დაჯდება და მოგიწევს ევაკუატორით დაბრუნება“, - განაცხადა „და-ტენეს“ დამფუძნებელმა.

ამასთანავე, შვანგირაძემ აღნიშნა, რომ დამტენები ძირითადად საერთო მოხმარების სივრცეებში განთავსდება, მაგალითად, სავაჭრო ცენტრებთან.

„ჩვენ არ ვეძებთ უფასო ადგილებს - გვირჩევნია საჭირო ადგილას შევქმნათ დამტენი და არა უფასო ადგილას. ჩვენი მიზანია კომფორტი შევუქმნათ ელექტრომობილის მეპატრონეს. დაახლოებით პირველ ეტაპზე 1.3 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება ერთი წლის განმავლობაში და მომავალში დავაკვირდებით ტენდენციას ბაზარი რას მოითხოვს“, - განაცხადა დავით შვანგირაძემ.

აღსანიშნავია ისიც, რომ „და-ტენე“ ელექტროენერგიას მიიღებს Green Energy-სგან, რომელიც დენს საქართველოში პირველი ინდუსტრიული მზის ელექტროსადგურისგან გამოიმუშავებს. აღნიშნული მზის სადგურის ექსპლუატაციაში ჩაშვება ოქტომბრის ბოლოს იგეგმება.

მერი ტაბატაძე