საქართველოში ყოველთვიურად იპოთეკით 10 ათასამდე უძრავი ქონება იტვირთება

საქართველოში კომერციულ ბანკებში ყოველთვიურად იპოთეკის უზრუნველყოფით 10 ათასამდე საცხოვრებელი უძრავი ქონება იტვირთება. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის ბოლო მონაცემებით, ივლისში საცხოვრებელი უძრავი ქონების უზრუნველყოფით 9.6 ათასამდე ხელშეკრულება დაიდო, ჯამში 890.4 მლნ ლარის. აქედან ეროვნულ ვალუტაში გაიცა 648.4 მლნ ლარის სესხი, უცხოურ ვალუტაში კი 241.9 მლნ ლარი.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, საცხოვრებელი უძრავი ქონების უზრუნველყოფის მიზნით ყველაზე მეტი ხელშეკრულება ივლისში შინამეურეობებზე გაფორმდა - 8.6 ათასი, ჯამში 595.1 მლნ ლარის, იურიდიულ პირებთან კი ხელშეკრულებების რაოდენობამ კი 1000-მდე შეადგინა, სესხის მოცულობამ კი 295.3 მლნ ლარი.

ამასთან, 2024 წლის ივლისის მდგომარეობით (ნაშთი) საცხოვრებელი უძრავი ქონების უზრუნველყოფის მიზნით მთლიანად გაფორმებულია 267.3 ათასი ხელშეკრულება, 19.742 მლრდ ლარის მოცულობის.

როგორც წესი, იპოთეკური სესხები ძირითადად გრძელვადიან პერიოდზე გაიცემა. უფრო კონკრეტულად, ივლისის მდგომარეობით 2-დან 5 წლამდე ვადით საცხოვრებელი უძრავი ქონების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებულია 76 ათასი ხელშეკრულება, 5-დან 10 წლის ჩათვლით - 86.9 ათასი, 10 წელზე მეტი ვადით კი 93.9 ათასი ხელშეკრულება.

რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, სებ-ის სტატისტიკით, იპოთეკური სესხებზე საშუალო შეწონილმა განაკვეთმა ივლისში 11.5% შეადგინა.

2024 წლის ივლისის მდგომარეობით კი, მთლიანად გაცემულია 57.142 მლრდ ლარის სესხი, აქედან არაუზრულველყოფილი - 11.942 მლრდ-ს, დანარჩენი კი დატვირთულია როგორც უძრავი ქონებით, ასევე მოძრავი ქონებით, კომერციული უძრავი ქონებით/ბიზნესით, ფასიანი ქაღალდებით, დეპოზიტებით და ა.შ.