ფქვილზე საიმპორტო ფასის გახაგრძლივების შედეგად, ფერმერებს მიეცათ საშუალება შემოდგომისთვის დაეგეგმათ ჩაბარება - ამის შესახებ "საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
„ფქვილზე საიმპორტო გადასახადის გახანგრძლივებამ ბაზარს საშუალება მისცა მიღება-ჩაბარების ტენდენციები უფრო დალაგებულად დაეგეგმათ. 1-ლი სექტემბრის შემდეგ, ამ დადგენილების გახანგრძლივებამ გამოიწვია ის, რომ ფერმერებს მიეცათ საშუალება, შემდგომისთვის დაეგეგმათ ჩაბარება. 1-ელ სექტემბერს რომ შეწყვეტილიყო, მოხდებოდა ის, რომ ფქვილთან მიმართებაში სხვა საგადასახადო რეჟიმი იმოქმედებდა და ფასიც იქნებოდა უფრო სხვა ანუ ნაკლები, ამიტომ, ეს იყო ძალიან კარგი გადაწყვეტილება.
რაც შეეხება იმას თუ რატომ გახდა საჭირო ფქვილზე საიმპორტო გადასახადის გახანგრძლივება - აქ ჯერ კიდევ მოქმედებს რუსეთიდან მცურავი ბაჟი და ამიტომ უნდა იმოქმედოს საპირწონედ დამაბალანსებელმა გადასახადმა. ეს ქმნის სწორი კონკურენციის პირობებს და პურის ფასიც სტაბილურია. თუ მოიხსნება რუსეთიდან მცურავი ბაჟი, აღარ იქნება საჭირო დამაბალანსირებელი გადასახადის მუშაობა. აქედან გამომდინარე, უცებ შეიძლება ამ ყველაფრის მოხსნა,“ - აღნიშნა მან.
მისი თქმით, ამჟამად 1 ტომარა ფქვილი ფასი 50 ლარია.
„ეს არის ფასი, სადაც წისქვილკომბინატები, პურის მწარმოებლები საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს და პურის მიმართებაში გამოწვევა არ არსებობს. ნელ-ნელა ვუბრუნდებით 2021 წლის ნიშნულს, როდესაც საქართველოში შემოდიოდა 50-60 ათასი ტონა ხორბალი და 1 500 ტონა ფქვილი. წელს სტატისტიკა ნელ-ნელა სწორდება და ეს ყველაფერი ხელს უწყობს კონკურენციას. წლევანდელი სტატისტიკით შემოდის 4-5 ათასი ტონა ფქვილი და 40 ათასი ტონა ხორბალი,“ - განაცხადა ლევან სილაგავამ.
ცნობისთვის, მთავრობამ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 2025 წლის 1-ელ მარტამდე გაახანგრძლივა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით საიმპორტო გადასახადი ფქვილზე 2023 წლის ივნისიდან ამოქმედდა და ტონაზე 50 ლარს შეადგენდა. მოგვიანებით, 2023 წლის 10 ოქტომბრიდან ეს გადასახადი 250 ლარამდე გაიზარდა. გადასახადი ჯერ 2024 წლის 1-ელ მარტამდე უნდა ყოფილიყო ძალაში, თუმცა შემდეგ მისი ვადა გახანგრძლივდა და საიმპორტო გადასახადი 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე გაგრძელდა. ახლა კი აგვისტოში მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რომ გადასახადის მოქმედება კიდევ 2025 წლის მარტამდე გაგრძელდეს. ფქვილთან ერთად საიმპორტო გადასახადი მოქმედებს ქერსა და ქატოზეც, ფასი ერთ ტონაზე კი 100 ლარს შეადგენს.