„მევენახეობას არ შეიძლება სუბსიდირება სჭირდებოდეს - ფერმერს თავისი შრომა უნდა უღირდეს“

„მევენახეობას არ შეიძლება სუბსიდირება სჭირდებოდეს,“ - როგორც მევენახე ლაშა ხიზანიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა გამართლებული არ არის.

„სუბსიდირება მეტ-ნაკლებად ეხმარება ამ დარგს, თუმცა არ არის გამართლებული, რადგან მევენახეობას არ შეიძლება სუბსიდირება სჭირდებოდეს. რეალურად, მოთხოვნა არსებობს საერთაშორისო ბაზარზე და ისე უნდა რეგულირდებოდეს ფასები და ქარხნებთან მჭიდრო ურთიერთობა უნდა იყოს, რომ ფერმერებს თავისი შრომა უნდა უღირდეთ,“ - განაცხადა მან.

მისი თქმით, ამ სფეროში წლიდან წლამდე არსებობს გადაუჭრელი პრობლემები.

„რამდენიმე პრობლემაა, რომელიც ყოველწიურად სტაბილურად არსებობს ამ სფეროში: ფასი, ჩაბარება და ა.შ. საერთო ჯამში, ეს დარგი კვლავაც დიდი გამოწვევების წინაშე დგას,“ - განაცხადა მევენახემ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რთველის სუბსიდირება წელსაც განხორციელდება. სუბსიდირებით ისარგებლებს ყურძნის ჩამბარებელი კომპანია, რომელიც კახეთის რეგიონში არანაკლებ 100 ტონა რქაწითელს ჩაიბარებს. სუბსიდირების რაოდენობა კი ერთ კილოგრამზე 20 თეთრით განისაზღვრა.

პრემიერის განცხადებით, სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის პერიოდში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთში 100 ტონა რქაწითელს და 1 კგ-ის სანაცვლოდ არანაკლებ 1 ლარს გადაუხდის მევენახეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 10 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 56 ათას ტონამდე ყურძენი, აქედან, 27 ათას ტონამდე რქაწითელი, 22,6 ათას ტონამდე საფერავი, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

ეკა დარჩიაშვილი