ყაზახეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამო აზერბაჯან-საქართველოს გავლით ურანის დასავლეთ ბაზარზე ტრანსპორტირება მეტად გაუძვირდა, ამიტომ აზიელ პარტნიორებზე გადამისამართება შეუძლია. ამის შესახებ ყაზახეთის სახელმწიფო სამთომომპოვებელ კომპანია “ყაზატომპრომის” ხელმძღვანელ მეირჟან იუსუპოვმა განაცხადა, რასაც Financial Times ავრცელებს.
მისი თქმით, მოსკოვზე დაწესებული შეზღუდვები ურანის ევროკავშირისთვის მიწოდებას ართულებს და აძვირებს. კერძოდ, ამჟამად კომპანიას მისი ტრანსპორტირება სანკტ-პეტერბურგის ტრადიციული მარშრუტით არ შეუძლია, ხოლო აზერბაიჯანის გავლით ალტერნატიული მარშრუტი ბევრად ძვირი უჯდება.
“ჩვენთვის ჩვენი პროდუქციის უმეტესი ნაწილის, თუ არა მთელი მოცულობის ჩვენს აზიელ პარტნიორებზე მიყიდვა ბევრად ადვილია. მათ შეუძლიათ, თითქმის, მთელი ჩვენი პროდუქტი მოიხმარონ. იზრდება გრავიტაციული მიზიდულობა მოსკოვისა და პეკინისკენ, რადგან მათზე გაყიდვა უფრო ადვილია. თუმცა ყაზახეთში ყველა კვერცხის ერთ კალათაში ჩადება არ სურთ,” - ამბობს იუსუპოვი.
მისი თქმით, “ყაზატომპრომი” ატომური ელექტროსადგურების ფუნქციონირებისთვის საჭირო მსოფლიო ურანის, დაახლოებით, 43%-ს აწარმოებს. კომპანია ურანის 26 საბადოს ამუშავებს, ხოლო მისი დადასტურებული მარაგი 312,9 ათას ტონას შეადგენს. ამდენად, რუსეთი, ჩინეთი და გლობალური სამხრეთის სხვა ქვეყნები შესაძლოა, კომპანიისთვის ახალი ბაზრები გახდნენ.
კერძოდ, 2023 წლის ნოემბერში, “ყაზატომპრომმა” ბუნებრივი ურანის კონცენტრატის მიწოდებაზე კონტრაქტი China National Uranium Company Limited-თან (CNUC) გააფორმა, რომელიც ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის შვილობილი კომპანიაა. მიწოდების მოცულობა და ტრანზაქციის ოდენობა არ საჯაროვდება.
ამასთან, 2023 წლის დეკემბერში “ყაზატომპრომმა” და არაბეთის გაერთიანებული საემიროების ენერგეტიკულ კომპანია Emirates Nuclear Energy Corporation-მა (ENEC) ხელი მოაწერეს პირველ კონტრაქტს ბარაქას ატომური ელექტროსადგურისთვის ყაზახეთის ბუნებრივი ურანის კონცენტრატის მიწოდებაზე.
ამჟამად “ყაზატომპრომი” ურანის კონცენტრატს 11 ქვეყანაში 24 კონტრაქტორს აწვდის. 2022 წლის მთლიან ექსპორტში აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების წილი 50%-ს, აშშ-ის 23%-ს, ხოლო ევროპის წილი 27%-ს შეადგენდა.
Financial Times წერს, რომ “მართალია, სანკტ-პეტერბურგის ტრადიციული იაფი მარშურტით სანქციების რისკის გამო მიწოდება შეუძლებელია, მაგრამ ასტანაში დაფუძნებულ სამთომომპოვებელს, რომლის 75% ყაზახეთის სახელმწიფოს საკუთრებაშია, მომხმარებელთა მრავალფეროვანი შემადგენლობის, მათ შორის, ამერიკული და ევროპული კომპანიების შენარჩუნება სურს.”
“ყაზატომპრომი,” რომლის აქციებიც ასტანისა და ლონდონის ბირჟებზე არის კოტირებული, ურანის ტრანსპორტირებისთვის ალტერნატიული მარშრუტის შექმნას კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით ცდილობს, რაც უფრო ძვირი უჯდება. ამასთან, რუსეთის პოტენციური გავლენა მის ცენტრალურ აზიელ მეზობელზე მზარდია და დასავლელი კომუნალურ-ინდუსტრიული პარტნიორებისთვის შეშფოთების წყაროა,” - წერს გამოცემა.
ცნობისთვის, 2023 წელს ყაზახური ურანის ტრანსპორტირება ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR), 2022 წელთან შედარებით, ოდნავ გაიზარდა. „ყაზატომპრომი” ურანის პროდუქციის ტრანსპორტირებას TITR-ით, ანუ აზერბაიჯან-საქართველოს ტერიტორიების გავლით 2018 წლიდან ეწევა, ხოლო 2023 წელს ამ მარშრუტით ურანის აშშ-ში გადაზიდვა პირველად შესრულდა, რამაც 308 ტონა შეადგინა. მთლიანობაში, 2023 წელს აზერბაიჯან-საქართველოს გავლით საფრანგეთში, კანადაში, რუმინეთში, ინდოეთსა და აშშ-ში 2,3 ათას ტონაზე მეტი ყაზახური ურანის პროდუქცია იქნა ტრანსპორტირებული, რაც 2022 წელს გადაზიდულ 2,2 ათასი ტონაზე 4,5%-ით მეტია. შედარებისთვის: 2023 წელს ყაზახეთში სულ 21,112 ტონა ურანი იქნა მოპოვებული. TITR-ით ყაზახური ურანის გადაზიდვაში კომპანია, KTZ Express მონაწილეობს, რომელიც ურანის კონტეინერების კომპლექტებს ყაზახეთის სადგურებში, ჟანატასსა და ოსკემენში აგზავნის, შემდეგ კი პროდუქციის ტრანსპორტირება აქტაუს, ბაქოსა და ფოთის საზღვაო პორტებით ხდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ