ელექტროსაქონლის სამხრეთკორეული მწარმოებელი, Samsung საზღვარგარეთის ფილიალებში პერსონალის 30%-მდე შემცირებას აპირებს. ინფორმაციას Reuters ამ საკითხთან დაკავშირებულ სამ ადამიანზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, კომპანია წლის ბოლომდე საზღვარგარეთ მომუშავე ადმინისტრაციული პერსონალის 30%-ს, ხოლო მარკეტინგსა და გაყიდვების პერსონალის, დაახლოებით, 15%-ს შეამცირებს. ეს სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიასა და აფრიკაში მომუშავე პერსონალს შეეხება.
სააგენტოს წყაროები არ აკონკრეტებენ, თუ რომელ ქვეყნებსა და განყოფილებებს შეეხება შემცირების პირველი ტალღა და რამდენი ადამინი დარჩება უმუშევრად, თუმცა ერთ-ერთი თანამოსაუბრის ცნობით, ინდოეთის განყოფილებიდან, სადაც 25 000 ადამიანი მუშაობს, შესაძლოა, 1 000-მდე თანამშრომელი დაითხოვონ.
თავად Samsung-ში უცხოურ განყოფილებებში საკადრო ცვლილებებს „რუტინულს“ უწოდებენ, რომლის „მიზანიც ეფექტურობის გაზრდაა.“ კომპანიაში, ასევე, აცხადებენ, რომ შემცირება საწარმოო პერსონალზე არ გავრცელდება.
ცნობისთვის, 2023 წლის ბოლოსთვის Samsung-ში 267 800 ადამიანი იყო დასაქმებული. მათგან ნახევარზე მეტი, ანუ 147 000 ადამიანი საზღვარგარეთ მუშაობს. პერსონალის უმეტესი ნაწილი წარმოებასა და განვითარებაზე მუშაობს, ხოლო გაყიდვებსა და მარკეტინგში 25 100 თანამშრომელია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ