„ვუთხარით, რომ ავტომობილები ექსკლუზიურ ფასად შემოგვთავაზონ,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ალექსი ნონიაძემ განაცხადა.
„თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩინელი კოლეგები ცოტა მოუმზადებლები ჩამოვიდნენ, რადგან მათ სათანადოდ არ ჰქონდათ შესწავლილი ქართული ბაზარი, რომელიც ისედაც პროფიციტიულია. აქ ჩინური ავტომობილების გაყიდვა მარტივი არ იქნება, მაგრამ ისინი გეგმავენ, რომ ეს იქნება სამომავლო პერსპექტივები.
შევთავაზეთ, რომ ავტომობილები ექსკლუზიურ ფასად შემოგვთავაზონ. ჯერ-ჯერობით აზრები გავცვალეთ და ველოდებით მათგან მორიგ ნაბიჯს. ახლა მათ საკმაოდ რთული სიტუაცია აქვთ, 28%-ით ისინი ევროპამ შეზღუდა, ამერიკამ 100%-ით, შესაბამისად ახალი ბაზრები სჭირდებათ და თუ აქვთ გაყიდვის სურვილი, ის ორმხრივად სასარგებლო უნდა იყოს. ჩვენთვის მთავარია, რომ ცალკეული პირების გარდა, ქვეყანამ მიიღოს სარგებელი,“ - განაცხადა ალექსი ნონიაძემ.
ამასთან, ასოციაციის თავმჯდომარემ ის ქვეყნებიც დაასახელა, რომლის ბაზრის ათვისებაც სურთ ჩინელ ავტოიმპორტიორებს. მისი თქმით, ესენია სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ,თბილისში, ჩინელ და ქართველ ავტოიმპორტიორთა შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ჩინური მხარიდან ტიანჯინის მუნიციპალური კომერციის ბიუროს ხელმძღვანელი, გუ ტინქსინი, Harbour Bonded Area-ის ადმინისტრაციული ბიუროს, ტიანჯინის პორტის თავისუფალი სავაჭრო ზონის დირექტორის სუნ ინგი და ჩინეთის მსხვილი ავტო დილერები ესწრებოდნენ.