დიღმის მასივში 3 სკვერის რეაბილიტაციაზე 7,8 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, დიღმის მასივში ახლად რეაბილიტირებული ტექსელის, სიკო დოლიძის სახელობის და მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე სკვერები გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, რეკრეაციულ ზონებსა და გზაგამყოფ კუნძულებზე ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ღონისძიებები: მოეწყო სარწყავი სისტემები, 20 448 კვ.მ ფართობზე დაიგო და დაითესა ბალახი, ასევე, დაირგო 15 218 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 7 883 396 ლარს შეადგენს.

მერმა სკვერის გახსნისას განაცხადა, რომ კიდევ ბევრი პროექტია დაგეგმილი და მათ შესახებ დედაქალაქის მოსახლეობას ეტაპობრივად მიაწვდიან ინფორმაციას.

„ძალიან კარგი პროექტი განხორციელდა დიღმის მასივში. არსებული სკვერები იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ისინი ამჟამად მთლიანად მოწესრიგებული და განახლებულია. შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სარწყავი სისტემა, დაემატა ხე-მცენარეები, გაკეთდა საველოსიპედო და საფეხმავლო ბილიკები, განათდა და ხედავთ, რამდენად სასიამოვნო გარემოა. უამრავი ადამიანი სარგებლობს ამ სივრცით, რომელიც ჯამში ოთხ ჰექტარს მოიცავს. ძალიან მიხარია, რომ ქალაქში ასეთი პროექტები ხორციელდება, თუმცა ამაზე არ ვჩერდებით, კიდევ ბევრი რამ გვაქვს დაგეგმილი და ეტაპობრივად, დედაქალაქის მოსახლეობას მივაწვდით ინფორმაციას განსახორციელებელ პროექტებზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„გარდა რეაბილიტაციისა, ტექსელის სკვერი და მაიკოვსკის ძეგლის მიმდებარედ არსებული სკვერი ერთმანეთთან დაკავშირდა საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკებით.

სამუშაოების ფარგლებში, თბილისის დინამოს ბაზის მიმდებარედ, გამწვანებული კუნძულებიც მოეწყო. სკვერებში მოეწყო გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, საბავშვო და სპორტული მოედნები, საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკები, ცხოველთა სასეირნო სივრცე და მოსასვენებელი პავილიონები, ასევე, სამაგიდო სათამაშო სივრცეც“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნათია ზარიძე