ზაფხულის განმავლობაში და განსაკუთრებით არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლება სულ უფრო მეტ აქცენტს აკეთებს ეკონომიკაში საკუთარ მიღწევებზე, ოპოზიცია კი, პირიქით, ხელისუფლებას სამუშაო ადგილების გაქრობას, ფასების კატასტროფულ ზრდასა და ეკონომიკის გაჩერებას საყვედურობს. ზაფხულის სრული მონაცემები "საქსტატს" ჯერ არ გამოუქვეყნებია, განსხვავებით ივლისის მონაცემებისგან, რაც განსაზღვრული პროგნოზების გაკეთების საშუალებას იძლევა. რა ეკონომიკური მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში, რა საფუძველი აქვს ოპოზიციის თუ ხელისუფლების ურთიერთსაწინააღმდეგო დამოკიდებულებებს და საერთოდ, როგორი შემოდგომა და ზამთარი გველოდება, ამ საკითხებზე ეკონომიკის პროფესორ სოსო არჩვაძეს ვესაუბრებით.
- ზაფხული საკმაოდ პოზიტიური შედეგებით დასრულდა. ბოლო მონაცემებით, ივლისში ეკონომიკის 13%-იანი ზრდა გვქონდა. თუ ბოლო წლების მონაცემებს გადავხედავთ, ყოფილა თვეები, უფრო მაღალი ზრდის ტემპი გვქონდა, ბოლოს ეს იყო 2022 წლის თებერვალში. მაშინ 14%-ზე მეტი იყო ზრდა, მაგრამ მას წინა თვის 6-7%-იანი ვარდნა უსწრებდა, ამიტომ ჯამურად ზრდა 8%-მდე გამოდიოდა. თუ ავიღებთ 2024 წლის ივლისს და წინა წლის ზრდის ტემპებს ჯამურად, 13%-ზე მეტი ზრდა გვაქვს, რაც ნიშნავს, რომ სოლიდური წინსვლა გვაქვს. ამას დავამატებ, რომ რეკორდულად მაღალი იყო ექსპორტის მაჩვენებელი. მართალია, დაახლოებით 4/5 რეექსპორტზე მოდიოდა, მაგრამ ადგილობრივი ექსპორტიც ხომ თავისთავად გაიზარდა. ადგილობრივი ექსპორტის გაზრდა ჩვენი ადგილობრივი წარმოების ექსპანსიაზეც მეტყველებს. ამიტომ მთლიანობაში ეკონომიკური ვითარება ნამდვილად კარგია. გაიზარდა დასაქმების მაჩვენებელიც, როგორც დაქირავებით დასაქმებულების, ისე თვითდასაქმებულების და მხოლოდ დაქირავებით დასაქმებულთა ზრდის ხარჯზე (დაახლოებით 21 ათასამდე იყო ივლისში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით) მათი ხელფასის ნამატმა ერთ თვეში დაახლოებით 35 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ამჟამინდელი საქართველოს 1600 შინამეურნეობის საშუალო წლიური შემოსავლის ეკვივალენტური თანხაა. ეს არის სტატისტიკის ოფიციალური მონაცემები, რომელსაც მოცემულობად ვიღებთ და ეჭვი არ შეგვაქვს მის მართებულობაში.
პლუს კიდევ ტურისტული ინდუსტრია. ჩვენი მოქალაქეები საზღვარგარეთ კი ხარჯავენ რაღაც თანხას, მაგრამ თუ შევადარებთ უცხოელი ვიზიტიორების საქართველოში დანახარჯს, სხვაობა თვეში დაახლოებით 350- მილიონდოლარიან დადებით სარგოს გვაძლევს - ანუ მეტი თანხა შემოდის, ვიდრე გადის. ეს კი, რა თქმა უნდა, პოზიტიურად მოქმედებს მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე თუ ეროვნული ვალუტის სიმყარეზე.
დღეს ამგვარი ეკონომიკური ფონი გვაქვს. თუმცა პოლიტიკური დაპირისპირება და საარჩევნო ჭიდილი ამ წარმატებებს გარკვეულწილად აფერმკრთალებს და საზოგადოების ყურადღება და განწყობა ნაწილობრივ ექცევა პოლიტიკური ბატალიების გავლენაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ, ხატოვნად რომ ვთქვათ, ერთი საოკეანო ლაინერის მგზავრები, და მეზობლის კაიუტის დაზიანებისთვის კი არ უნდა ვიზრუნოთ გემზე მეტი სივრცის მოსაპოვებლად, არამედ გემის მოძრაობის უნარის შენარჩუნებაზე, რათა უდანაკარგოდ მივაღწიოთ დანიშნულების პუნქტს. სასურველი იქნებოდა, პოლიტიკურ სუბიექტებს ემოქმედათ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
- წინასაარჩევნო პერიოდში ყველა ქვეყანაში პოლიტიკური ძალები ეკონომიკურ საკითხებზე აპელირებენ. საქართველოში ამ წინასაარჩევნო კამპანიაში ხდება რამე ისეთი განსხვავებული, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე და შემდეგ მოქალაქეთა მდგომარეობაზე აისახება?
- ცხადია, ეს ყველგან ხდება, მაგრამ ამის ფუფუნება ჩვენზე ძლიერ და გავლენიან სახელმწიფოებს აქვთ, შედარებით მცირე შესაძლებლობებისა და რესურსების მქონე ქვეყანამ კი მაქსიმალურად უნდა შეძლოს მეტი თავდაჭერილობის გამოჩენა პოლიტიკური ბრძოლის დროს. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, ნათქვამია "არაფერი ადამიანური მისთვის უცხო არ იყოო", და გეტყვით, რომ ზოგადცივილიზაციური ქართველი ერისთვის უცხო არ არის ყველა ის დადებითი თუ უარყოფითი მოვლენა თუ პროცესი, რაც არჩევნებს უკავშირდება. ჩვენ უფრო სამხრეთული ქვეყნის შვილები ვართ, გრძნობებს და ემოციებს უფრო ექსპრესიულად გამოვხატავთ და მერე ამის ტირაჟირება ხდება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ თითოეულ ასეთ ნაბიჯს აკვირდებიან, მერე ტირაჟირდება საინფორმაციო საშუალებების მიერ და ჩვენ, ფაქტობრივად, ვექცევით იმ ინფორმაციული ველის ტყვეობაში, რომლის მიზანი საარჩევნო პროცესის გაშუქებაა. ამ გავლენაში ვექცევით პოლიტიკოსებიცა და რიგითი მოქალაქეებიც, ვქმნით საინფორმაციო ველს, რომელიც მერე ისევ ჩვენს განწყობებსა და ქცევაზე ზემოქმედებს. აი, მაგალითად, ამ ორი დღის წინაც სამწუხარო ფაქტი მოხდა, როდესაც პოლიტიკური შელაპარაკების გამო ადამიანი გარდაიცვალა და საზოგადოება ძალიან სამწუხარო ფაქტის შემსწრე გახდა.
- ამ წინასაარჩევნო კამპანიაში ოპოზიცია აპელირებს იმაზე, რომ ქვეყანაში უკიდურესი გაჭირვებაა, ხალხს საჭმლის ფული არა აქვს და ა.შ., ხელისუფლება კი პირიქით, ეკონომიკურ მიღწევებზე ლაპარაკობს და ამას თავის დამსახურებად მიიჩნევს. თქვენი შეფასებით, რა განსხვავებაა რეალურად არსებულ ეკონომიკურ-სოციალურ მდგომარეობას და პოლიტიკოსების ნარატივებს შორის? ეს რამდენად იმოქმედებს ამ პერიოდში ეკონომიკურ პროცესებზე და ხალხის მდგომარეობაზე როგორ აისახება?
- საერთოდ, სიღარიბე არის არა ეკონომიკური, არამედ მენტალური კატეგორია. მე მინახავს, მაგალითად, ვაშინგტონში, კაპიტოლიუმიდან 200-300 მეტრში, მუყაოს ყუთებზე მწოლიარე ბომჟები. ამერიკას ჰყავს ამერიკული პარამეტრებით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი დაახლოებით იმდენი ადამიანი, რამდენიც მოსახლეობაა ესპანეთში. ზოგადად, ვითარდება ეკონომიკა და სიღარიბე ახალ-ახალ ნიშნულებს აღწევს. მაგალითად, დღეს ადამიანი რაც არ უნდა გაჭირვებული იყოს, მობილური ტელეფონი მაინც აქვს, 25 წლის წინ რაც სიმდიდრის ნიშნად ითვლებოდა, დღეს ჩვეულებრივი ყოფითი ელემენტი გახდა. ამიტომ მდიდრისა და ღარიბის განსაზღვრის კრიტერიუმად რომ მობილური ტელეფონი ავიღოთ, სწორი არ იქნება. შეიძლება ოჯახში ორი მობილური ტელეფონიც კი ჰქონდეთ, მაგრამ მათი მდგომარეობა, სხვებთან შედარებით, არ იყოს დამაკმაყოფილებელი.
როგორც წესი, ხელისუფლება აქცენტის გაკეთებას მიღწევებზე ცდილობს და ოპოზიცია კი პირიქით - მიუღწეველსა და ნაკლოვანებებზე. ეს ზოგადი კანონზომიერებაა, იგივე პრინციპი მოქმედებს - ჭიქა ნახევრად ცარიელია თუ ნახევრად სავსე. თუ ობიექტური ვიქნებით, და ამას მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რა თქმა უნდა, პროგრესი არის.
იმ შედეგით, რაც დღეს გვაქვს ეკონომიკაში, გნებავთ მოხმარების მხრივ ან სოციალური დახმარების პროგრამებით, გაცილებით წინ ვართ, უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე რამდენიმე წლის წინ.
მაგალითად, საშუალო ხელფასის მსყიდველუნარიანობა დაახლოებით 82-ჯერ არის გაზრდილი. შეიძლება ვთქვათ, რომ ვიღაც ხელფასს საერთოდ ვერ იღებს, რაც, ცხადია, პრობლემაა, მაგრამ საშუალო ტენდენცია ხომ არის გამოკვეთილი? ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროგრესი არის, წარმატება არის, მაგრამ ჩვენ გაცილებით მეტი გვინდა.
როდესაც ადრე მოსახლეობის მობილობა დაბალი იყო და არ შეეძლოთ ვიზუალურად შეედარებინათ თავიანთი ყოფა დაწინაურებული ქვეყნების მოსახლეობისთვის, მაშინ შედარებით ადვილად იტანდნენ ეკონომიკურ ჩამორჩენილობას, მაგრამ დღეს შედარება ძალიან გამარტივდა და ეს ქმნის უარყოფით განწყობებს მათში, ვისთვისაც ეს წარმატება ჯერ ხელმისაწვდომი არ არის. ამიტომ
ძალიან გამძაფრებული ლაპარაკი თუ გვესმის ტოტალურ ჩამორჩენილობასა და გაჭირვებაზე, ჩავთვალოთ, რომ ეს არის წინასაარჩევნო მეთოდი, რათა კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ შეძლოს მასების მეტი ნაწილის საპროტესტო ტალღაში გაერთიანება. ეს დატვირთვა აქვს პოლიტიკოსების იმ განცხადებებს, სადაც ისინი კატასტროფულ ჩამორჩენასა და ეკონომიკურ უბედურებაზე ლაპარაკობენ.
- ოპოზიციის მიზანი გასაგებია, მაგრამ, თუკი ეს განცხადებები რეალობას არ შეესაბამება, ხალხი ხომ ხვდება ამას?
- ხატოვნად რომ ვთქვათ, არის ბრძოლა მაცივარსა და ტელევიზორს შორის - ანუ იმას შორის, რასაც ვხედავთ და რასაც ვგრძნობთ, ტელევიზორში რას გვეუბნებიან და მაცივრის კარის გამოღების შემდეგ, რა არის ჩვენს მაცივარში. აქ გადის დაპირისპირების მთავარი ხაზი ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის წარმატებულობასა და ოპოზიციის მიერ ამ პოლიტიკის გაკრიტიკებას შორის.
- ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორი მოლოდინი გაქვთ, შემოდგომა ეკონომიკური თვალსაზრისით როგორი იქნება და როგორი ზამთარი გველის?
- საზოგადოებისა და ადამიანის თვითშენახვისა და გადარჩენის ინსტინქტი გაცილებით ძლიერია, ვიდრე თუნდაც ძლიერი პოლიტიკური პროგრამა; გაცილებით ობიექტურად მიგვითითებს ძირითადი ეკონომიკური ინტერესების დაცვისკენ, ვიდრე ზემოდან წამოსული ესა თუ ის თეზისი. ადრე უფრო გამოიყენებოდა ერთი ასეთი ფორმულირება - წარმოების ის ფორმა, წესი, რომლითაც საქმიანობაში ჩართვას უზრუნველყოფენ მოცემულ მომენტში, თუ ადამიანის ეკონომიკურ ინტერესებს ეწინააღმდეგება, მაშინ ის მიიღებს ზომებს, რათა ამ ფორმით დასაქმება აირიდოს და ყველა საშუალებით მოძებნის უკეთეს ალტერნატიულ გზას. ამიტომ ყველას, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, უნდა მოვუწოდოთ, რომ მაქსიმალურად იქნეს მათ პროგრამებში გათვალისწინებული საზოგადოების ძირეული ინტერესები. ეს უნდა იყოს ორიენტირებული არა კონკრეტულ გათვლებზე, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაზე.
საარჩევნო პერიოდში ყურადღება არჩევნებზე იქნება გადატანილი, მაგრამ წარმოების ის რიტმი უნდა შევინარჩუნოთ, რაც ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს. ჩვენს ცხოვრებაში პოლიტიკური ბატალიები პერიოდულად იმართება, ხოლო ყოფითი პროცესები კი ყოველდღიური ცხოვრების რუტინაა და მისი შეფერხება გაცილებით მეტი ზარალის მომტანი იქნება, ვიდრე ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მიერ მეტი ან ნაკლები ხმების მიღება.