Carlsberg ყაზახეთში PepsiCo-ს გამაგრილებელი სასმელების ჩამოსასხმელ ქარხანას ააშენებს. პროექტში ინვესტიცია, დაახლოებით, 110 მლნ დოლარს შეადგენს. ინფორმაციას Just Drinks ავრცელებს.
ქარხანა Carlsberg Group-ისა და PepsiCo-ს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში აშენდება. ამ შეთანხმების საფუძველზე Carlsberg 2026 წლის 1 იანვრიდან ყაზახეთსა და ყირგიზეთში PepsiCo-ს სასმელების მწარმოებელი ხდება.
„ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, PepsiCo და Carlsberg შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე ორ ქვეყანაში გამაგრილებელი სასმელების წარმოების, რეალიზაციისა და დისტრიბუციის შესახებ. 2026 წლის 1-ლი იანვრიდან Carlsberg ყაზახეთსა და ყირგიზეთში PepsiCo-ს ფრენჩაიზს თავის თავზე აიღებს,” - წერია კომპანიის განცხადებაში.
ყაზახეთში გამაგრილებელი სასმელების ახალი ქარხნის გახსნა რეგიონში კომპანიის მთლიან ბიზნესს გააორმაგებს.
Carlsberg-სა და PepsiCo-ს ევროპისა და აზიის სხვა ხუთ ბაზარზე, კერძოდ, ნორვეგიაში, შვედეთში, შვეიცარიაში, კამბოჯასა და ლაოსში ჩამოსხმის შესახებ ხელშეკრულებები უკვე გაფორმებული აქვთ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ