ოთარ გრიგოლია - 500 კვადრატული მეტრი საჯარო სივრცისთვის ვერ მოუვლიათ და მათ ქვეყანას როგორ უნდა მოუარონ

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას შეეხო.

როგორც ოთარ გრიგოლიამ განაცხადა, აღნიშნული ტერიტორია მამუკა ხაზარაძის კომპანიებს ეკუთვნის და მათ ამ ადგილის განვითარების პასუხისმგებლობა აკისრიათ, თუმცა ტერიტორიები ათეული წლებია მიგდებულია. ოთარ გრიგოლიამ მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, წავიდნენ და ადგილზე ნახონ, თუ რა მდგომარეობაშია ახლა ეს სივრცე.

„ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არის ადგილი, რომელიც წლების წინ თბილისის მერიამ კეთილმოაწყო და იქ საბავშვო ატრაქციონები განათავსა. ამის შემდეგ იქ არაფერი გაკეთებულა. როდესაც 500 კვადრატული მეტრი ტერიტორიის განვითარების პასუხისმგებლობა გაკისრია და ამას ათწლეულები არ აკეთებ, რადგან ეს შენთვის კომერციულად მომგებიანი არ არის, ქვეყნის მართვაზე პრეტენზია აღარ უნდა გქონდეს. ბატონ ხაზარაძეს ერთი თეთრის ინვესტიცია არ ჩაუდია ისეთ პროექტში, რომელიც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა, მაგრამ მას მოგებას არ მოუტანდა. აი, ეს არის ამ ხალხის დამოკიდებულება ქალაქის მიმართ. შესაბამისად, პარტია „ლელოს“ განცხადებები ქალაქის განვითარებაზე აბსოლუტური ფარსია. აბსოლუტური ფარსია ისიც, თითქოს მათ ქვეყანაზე გული შესტკივათ. აი, ასეთ ხალხს რომ ქვეყნის მართვაზე აქვს პრეტენზია, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა არა მარტო ამ პარტიის, არამედ მათი ამომრჩევლებისაც. 500 კვადრატული მეტრი საჯარო სივრცისთვის ვერ მოუვლიათ და ქვეყანას როგორ უნდა მოუარონ?!“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.