წინანდლის ფესტივალის მეექვსე გამოშვებამ განსაკუთრებული ვარსკვლავური შემადგენლობა შეკრიბა. მსმენელის წინაშე წარდგნენ მსოფლიოში აღიარებული შემსრულებლები ჯოშუა ბელი, ბრუს ლიუ, ვასილი პეტრენკო, მიხაილ პლეტნევი, ალექსანდრ კანტოროვი, ფრანსუა ლელუ, ედგარ მორო და სხვა. წინანდლის ფესტივალის 9-დღიანი პროგრამა, კამერულ და სიმფონიურ კონცერტებს, მრავალფეროვან ღონისძიებებს მოიცავდა.
ფესტივალმა 20 000 ვიზიტორს უმასპინძლა. საფესტივალო კონცერტებში მონაწილეობდა პანკავკასიური ორკესტრი, თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი, ლიზა ბათიშვილის ფონდის ახალგაზრდა მუსიკოსები. ფესტივალის ფარგლებში დაარსებულ პანკავკასიურ ორკესტრში წელს რეგიონის 8 ქვეყნის 80 მდე ნიჭიერი მუსიკოსი გაერთიანდა. ორკესტრი 4 კონცერტით წარსდგა მსმენელის წინაშე.
გიორგი რამიშვილი - წინანდლის ფესტივალის და კომპანია სილქნეტის დამფუძნებელი:
„წინანდლის ფესტივალს 6 წელი შეუსრულდა და მიხარია, რომ უმაღლეს დონეს და ხარისხს ვინარჩუნებთ მონაწილეების და პროგრამის თვალსაზრისით. დიდი ვარსკვლავები მთელი მსოფლიოდან სიამოვნებით უერთდებიან ფესტივალს და წლევანდელი წელი ამის თვალსაჩინო მაგალითია. პანკავკასიური ორკესტრის ასეთი ფორმით არსებობა კი, ჩემი აზრით არის უნიკალური და დიდი მნიშვნელობის მატარებელი“.
ავი შოშანი - წინანდლის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი:
“საუკეთესო სეზონი იყო. როგორც მოგეხსენებათ, წინანდლის ფესტივალი შევქმენით პანკავკასიური ორკესტრის გამო. მიხარია, რომ ამდენი ქვეყნის წარმომადგენელი ერთ სცენაზე დგას. ეს შთაგვაგონებს. წელს პანკავკასიური ორკესტრი სენსაციური იყო. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ასეთი ტალანტები გვყავს. ამ ფესტივალის დიდი უპირატესობა ისაა, რომ ერთ სივრცეშია საკონცერტო დარბაზები, მუზეუმი, უნიკალური ბაღი. წლებთან ერთად ერთგული მაყურებელი გვემატება.”
დათო საყვარელიძე - წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორი:
“რაც უფრო იზრდება ფესტივალის ცნობადობა, იზრდება ინტერესი მსოფლიო მუსიკალური საზოგადოების მხრიდან. წელს ყველაზე მეტ უცხოურ დელეგაციას ვუმასპინძლეთ. მუსიკათმცოდნეები, კლასიკური მუსიკის კრიტიკოსები, მუსიკის მოყვარულები ესტუმრნენ წინანდალს. ვფიქრობ, ეს იმითაც იყო გამოწვეული, რომ ბერლინის ფილარმონიულმა ორკესტრმა “ევროპაკონცერტი” წინანდალში გამართა. გვიხარია, რომ გაფართოვდა პანკავკასიური ორკესტრი.
ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსები შეიკრიბნენ საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ყაზახეთიდან, თურქმენეთიდან, უკრაინიდან და მოლდოვადან.მომავალი სეზონი უკვე დაგეგმილია. წინანდლის ფესტივალის რიგით მეშვიდე სეზონი 2025 წელს, 4 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. ძალიან ბევრმა ცნობილმა შემსრულებელმა, მსოფლიოს უდიდესმა დირიჟორებმა და სოლისტებმა მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.
”წინანდლის ფესტივალს სილქნეტი 2019 წლიდან წარადგენს და ყოველწლიურად იზიდავს სულ უფრო მეტ, მსოფლიო დონის შემსრულებელსა და მუსიკის მოყვარულს ისტორიულ მამულში.
(R)