საქართველოში 3000-მდე დიდი, საშუალო და მცირე მარანია დარეგისტრირებული

საქართველოში დარეგისტრირებულია 3000-მდე დიდი, საშუალო და მცირე მარანი. აქედან 500-მდე მწარმოებელი ღვინის ექსპორტს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„იმ ბაზრებზე, სადაც ვხედავთ, რომ ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს, მეტ საერთაშორისო გამოფენაში ვიღებთ მონაწილეობას. ბალტიისპირეთისა და პოლონეთის ბაზარი მზარდია, ქართულ ღვინოს ცნობადობა აქვს და პროცესები კარგად მიდის. ასევე აღსანიშნავია, რომ გერმანიაში გვაქვს ექსპორტის 40%-იანი ზრდა - წელს უკვე 1 მილიონ ბოთლზე მეტია გატანილი. მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ამერიკაშიც - ზრდის მაჩვენებელი 35%-მდეა“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ „ძმები ხუციშვილების ღვინის მარანში“ სტუმრობისას.

კომპანიის „ძმები ხუციშვილების ღვინის მარანი“ დამფუძნებელმა გელა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მხარდაჭერით მარანი მონაწილეობას იღებს საერთაშორისო გამოფენებში. ასევე სახელმწიფოს მხარდაჭერით მოაწყო მეწარმემ ღვინის მარანი - გასულ წლებში შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა.

ძმები გიორგი და გელა ხუციშვილების საოჯახო მარანი წლიურად, საშუალოდ, 15 ათასამდე ბოთლ ღვინოს აწარმოებს 2 ჰექტარ ფართობზე გაშენებული სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგან, ორიენტირებულია ქვევრის ღვინოზე და ექსპორტს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ რქაწითელის ჯიშის ყურძნის 2015 წლის მოსავალი „ძმები ხუციშვილების ღვინის მარანში“ ძველი ქართული ტრადიციული მეთოდით მარანში არსებულ ორსაუკუნოვან ქვევრში დადუღდა.

„ძმები ხუციშვილების ღვინის მარანი“ უცხოელი სტუმრებისთვის ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციებიც იმართება. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ რთველის პროცესში, გაეცნონ ქართული ღვინის წარმოების ტრადიციებსა და კულტურას, რაც საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.

ნათია ზარიძე