ყაზახეთმა 526 ტონა რუსული ხორბლის იმპორტის მცდელობის ფაქტი აღკვეთა

ყაზახეთმა 526 ტონა რუსული ხორბლის ქვეყანაში იმპორტის მცდელობის ფაქტი აღკვეთა. ამის შესახებ ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.

„მიმდინარე წლის 11-12 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის საზღვარზე მდებარე დასავლეთ ყაზახეთის რეგიონის რკინიგზის ფიტოსანიტარიულ საკონტროლო პუნქტზე აღმოაჩინეს 8 ვაგონი (526 ტონა) ხორბალი და ის დაბრუნებულ იქნა რუსეთის ფედერაციაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ერთი კვირის წინ, დასავლეთ ყაზახეთის რეგიონში, ტერიტორიული ინსპექციის ინსპექტორებმა აღმოაჩინეს და რუსეთში დააბრუნეს 4 ვაგონი ხორბალი (251 ტონა).

შიდა ბაზრის დასაცავად და მარცვლეულის რეექსპორტის შემთხვევების გამორიცხვის მიზნით, ყაზახეთმა 2024 წლის 31 დეკემბრამდე აკრძალა ხორბლის ყველა სახის ტრანსპორტით იმპორტი რესპუბლიკის ტერიტორიაზე მესამე ქვეყნებიდან და EAEU ქვეყნებიდან. დაშვებულია მხოლოდ ტრანზიტი ყაზახეთის ტერიტორიის გავლით.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტატისტიკით, 2024 წლის პირველი ნახევრის შედეგების მიხედვით, ხორბლის იმპორტმა შეადგინა 1,3 მილიონი ტონა, რაც „თითქმის უტოლდება 2023 წლის იმპორტის წლიურ მოცულობას“, მიუხედავად იმისა, რომ შიდა ბაზარზე ყაზახეთს შარშანდელი მოსავლის ხორბლის საკმარისი მარაგი აქვს.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აღნიშნა, რომ ვეგეტაციის სეზონზე ხელსაყრელმა კლიმატურმა პირობებმა შესაძლებელი გახადა მარცვლეულის კარგი მოსავლის პროგნოზირება, რაც გადასატანი მარაგების გათვალისწინებით მარცვლეულის ბაზარზე ჭარბ მიწოდებას შექმნის.

ნათია ზარიძე