საქართველოს ტერიტორიის 40% ტყეებს უკავია. მიმდინარე კლიმატური ცვლილებები, გაზრდილი ტემპერატურა თუ ადამიანური ფაქტორი, გამოწვევას წარმოადგენს ტყისთვის და ზრდის ხანძრების რისკებს. ტყეების აღდგენის პროცესი კი დიდი დროსთან არის დაკავშირებული. ტყეების აღდგენისთვის რამდენიმე მეთოდი არსებობს: ერთი - ხანძრით დაზიანებული ნიადაგის მოცილება და ხელოვნურად ტყის გაშენება და მეორე - დეგრადირებული ტყის ადგილის შემოსაზღვრა, რათა გარკვეული დროის განმავლობაში თავად აღდგეს.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში ტყის ხანძრების კუთხით, რა იწვევს ტყის ხანძრებს და როგორია პრევენციული ნაბიჯები. ამის შესახებ CENN-ის ეკოლოგს ვახო ჩიტიშვილს ესაუბრა.
რა მდგომარეობა გვაქვს ტყის ხანძრების კუთხით საქართველოში? გასულ წლებთან შედარებით, როგორ შეიცვალა მონაცემები?
-ზუსტ სტატისტიკას ვერ გეტყვით, თუმცა 2019-2021 წლებში უფრო დიდი ხანძრები იყო (თუ არ ჩავთვლით 2017 წლის ბორჯომის ხანძარს). ეს კონკრეტული სეზონი განსხვავებულია შარშანდლისგან, ტემპერატურა არ არის ისეთი მაღალი, როგორც შარშან იყო, აქედან გამომდინარე, ვივარაუდებდი, რომ ხანძრების რაოდენობამ დაიკლო და იმდენი არ არის, რაც გასულ წლებში იყო. შარშან უფრო მაღალი ტემპერატურა იყო, მაღალი ტემპერატურა კი მთავარი ფაქტორია ხანძრის გავრცელების.
ხანძრის გაჩენის ძირითად მიზეზად რა შეგვიძლია დავასახელოთ და საქართველოში ყველაზე ხშირად რა მიზეზით ჩნდება ხანძრები?
- 95%-ზე მეტი ხანძრების გაჩენის მიზეზი არის ადამიანის დაუდევრობა. გამოვყოფდი სამცხე-ჯავახეთს, რამდენიმე დღის წინ იყო ხანძარი. ეს კონკრეტული შემთხვევა არის ტყის მასივის „დამსახურება“. ბორჯომსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არის ფიჭვნარი, მარტივად ალდება და ამასთან ერთად არის კონკრეტულ ტერიტორიებზე ხშირი მასა. ადამიანის ხელშეწყობაში მოიაზრება თუნდაც ის, რომ ტერიტორიაზე დაყარა ნაგავი, რომელიც მარტივად ალდება მაღალ ტემპერატურაზე, ასეთია მაგალითად შუშის ბოთლი, რომელსაც გამადიდებლის ეფექტი აქვს. ხანძრის არეალი დამოკიდებულია ლანდშაფტზე, რამდენად მისადგომია, რამდენად ახლოს არის ხეები, როგორი ქარიანობაა ადგილზე და ა.შ.
კლიმატური ცვლილებები რამდენად ზრდის ტყის ხანძრების რისკებს?
- კლიმატური ცვლილებები ერთ-ერთი მიზეზია ხანძრების. ფაქტია, ბოლო წლებში ვნახეთ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ამერიკის უამრავი შტატი, ევროპაში, ასევე, ავსტრალიაში ორი წლის წინ ყველაზე დიდი ხანძარი იყო, რაც ავსტრალიის კი ისტორიას ახსოვს. ეს ყველაფერი გამოწვეულია კლიმატური ცვლილებების გამო, ტემპერატურამ საშუალოდ 2 გრადუსით მოიმატა მსოფლიოში, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ყველგან მოიმატა, ეს ნიშნავს რომ ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე უფრო მეტი გვალვიანობაა, ვიდრე გასულ წლებში იყო და ეს ტენდენცია იზრდება და ზრდის რისკს ხანძრის გავრცელების.
საქართველოში ტყის ხანძრების კუთხით თუ არის შესამჩნევი კლიმატური ცვლილებების ეფექტი?
- საქართველო, ისეთ ტერიტორიაზე მდებარეობს, რომ ჯერ-ჯერობით ჩვენთან არ არის ისეთი მაღალი ტემპერატურა, რასაც ვერ ვიტყოდით საბერძნეთზე, თურქეთის სამხრეთ ტერიტორიებზე. ჩვენი ვალია, რომ ვიყოთ მზად იმიტომ, რომ კლიმატი იცვლება. აშშ-ს მაგალითს თუ შევხედავთ, არ წარმოედგინათ 100 ათასობით ჰექტრებზე გავრცელებული ხანძრები, ახლა ეს ჩვეულებრივი რეალობაა. ამ რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი, ვადაპტირდეთ, განვსაზღვროთ რისკები და ხანძრის შემთხვევაში სწრაფი რეაგირება განვახორციელოთ.
რა შეიძლება იყო ტყის ხანძრების თავიდან აცილების გზა?
- ყველაზე დიდი პრევენცია არის ცნობიერების ამაღლება. ხანძრების უმეტესი ნაწილი მოდის ადამიანის დაუდევრობაზე. აუცილებელია, რომ ნებისმიერ ასაკობრივ ჭრილში, ნებისმიერი პროფესიის ადამიანს სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, რა იწვევს ხანძარს და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ იყოს ფრთხილად და დაიცვას სტანდარტები.
შეგახსენებთ, რომ ტყის ეროვნული აღრიცხვის შედეგების მიხედვით, საქართველოს ტყის ფართობების 35.4% (რაც 807 178 ჰექტრის ტოლია) დეგრადირებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში არსებული ტყეები თავის ფუნქციას ვერ ასრულებს.