გაყინული ქათმის იმპორტი გაიზარდა - ძირითადი იმპორტიორი ჩინეთია

საქართველოში გაყინული ქათმის იმპორტი გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში იმპორტირებულია 54.5 მილიონი დოლარის 35 874 ტონა ხორცი, ხოლო 2023 წლის იმავე პერიოდში 53.47 მილიონი დოლარის ღირებულების 33 941 ტონა.

საქსტატის მონაცემების თანახმად, წელს შვიდ თვეში ყველაზე დიდი რაოდენობით გაყინული ქათამი ჩინეთიდან შემოვიდა. კერძოდ, პროდუქციის იმპორტში ჩინეთის წილი 26.9%-ს შეადგენდა.

2024 წლის იანვარ-ივლისში გაყინული ქათმის იმპორტის უდიდესი ნაწილი შემდეგი 5 ქვეყნიდან განხორციელდა:

  • ჩინეთი - 14.649 მილიონ აშშ დოლარის 7 835 ტონა;
  • ბრაზილია - 7.6 მილიონი აშშ დოლარის 5 731 ტონა;
  • უკრაინა - 6.795 მილიონ აშშ დოლარის 4 170 ტონა;
  • თურქეთი - 5.358 მილიონ აშშ დოლარის 2 964 ტონა;
  • გერმანია - 4.095 მილიონ აშშ დოლარის 3 053 ტონა.

რაც შეეხება საქართველოში წარმოებული გაყინული ქათმის ექსპორტს, საანგარიშო პერიოდში 20.9%-ით შემცირდა. თუ გასული წლის იანვარ-ივლისში ექსპორტზე გავიდა 5.49 მილიონი აშშ დოლარის გაყინული ქათამი, წელს იმავე პერიოდში ექსპორტირებულია 4.34 მილიონი დოლარის 2 622 ტონა პროდუქცია.

წელს საქართველოდან გაყინული ქათამი ექსპორტზე მხოლოდ აზერბაიჯანსა და სომხეთში გავიდა. უფრო კონკრეტულად, მონაცემები ასე გამოყურება:

  • აზერბაიჯანი - 2.88 მილიონი აშშ დოლარის 1 693 ტონა;
  • სომხეთი - 1.46 მილიონი აშშ დოლარის 928 ტონა.
მერი ტაბატაძე